“ქართველების “ქართული ოცნება” არასოდეს იქნება დიქტატურა. დიქტატორ კობახიძეს და განგსტერ ივანიშვილს არ გაუმართლა, რომ თქვენნაირი ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები არსებობენ საქართველოში”, – ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია საქართველოს ციხიდან გათავისუფლებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა. მედიასთან ერთად, მან მადლობა გადაუხადა მის უფლებამდამცველ ორგანიზაციას „სოციალურ სამართლიანობის ცენტრს“ და საელჩოებს, ვინც მის საქმეზე ხმამაღლა საუბრობდა და ეხმარებოდა გათავისუფლებაში.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებდა. აფგან სადიგოვი პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა. მისი ცოლი და მცირეწლოვანი შვილები აფგანის დაკავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოდან უსაფრთხოების მოტივით სხვა ქვეყანაში გადავიდნენ.
“საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აზერბაიჯანელი დიქტატორის დავალება შეესრულებინა და ჩემი გადაცემა აზერბაიჯანისთვის მოეხდინა. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, როგორც ყოველთვის, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო”.
როგორც აფგან სადიგოვმა თქვა, გუშინდელი გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი იყო, რამდენადაც 3 მაისს ელოდა გადაწყვეტილებას.
“შესაძლოა, ყაველაშვილის [მიხელ ყაველაშვილის ბაქოში ვიზიტი] ვიზიტიც იყოს დაკავშირებული ამ პროცესთან, შესაძლოა იქაც ყოფილიყო ამ თემაზე საუბარი. ვერ ვიტყვით ზუსტად, რას გეგმავენ. შესაძლოა, სურთ ჰუმანისტებად წარმოაჩინონ თავი, ან სხვა მიზნები აქვთ ჩემს მიმართ”.
ციხიდან გათავისუფლებული სადიგოვი არც ახალ საფრთხეებს გამორიცხავს მის მიმართ.
“საფრთხეების შექმნა კვლავ შესაძლებელია, სანამ საქართველოში ვიმყოფები”.
თუმცა, რისკების გააზრების მიუხედავად, ამბობს, რომ კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება – “არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნები, ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი სიმართლეს. ბრძოლის სილამაზე სწორედ ამაშია – შეუშინებელ ხმაში, რომელიც არ ჩერდება საფრთხის პირობებშიც კი”.
“არ აქვს მნიშვნელობა, აზერბაიჯანში ვიქნები თუ საქართველოში – ბრძოლას არ შევწყვეტ. და რაც უფრო დიდხანს იქნება ჩემი ყოფნა პრობლემური საქართველოს ხელისუფლებისთვის, მით უფრო სანანებელი გახდება ეს მათთვის. ჯერჯერობით აქ ვარ და სანამ აქ ვარ, გამოვალ ადგილობრივი დიქტატურის წინააღმდეგაც”.
აქვე სადიგოვმა სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში დაკავებულ პოლიტპატიმრებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს.
აფგან სადიგოვის თქმით, ის არ ეთანხმება 5 ათას ლარიან გირაოს, რომელიც მას შეეფარდა და ამბობს, რომ არ გადაიხდის.
“არ ვეთანხმები პროკურატურას და არ ვენდობი ქართული სასამართლოს არც ერთ გადაწყვეტილებას”.
რას ამბობს აფგან სადიგოვის უფლებამდამცველი ორგანიზაცია
დღევანდელ პრესკონფერენციას, რომელიც “სოციალური სამართლიანობის ცენტრში” გაიმართა, ესწრებოდნენ ასევე ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც თვეების განმავლობაში აფგან სადიგოვს ადვოკატირებას უწევდნენ.
“ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა გათავისუფლება. ჩვენ ველოდით, რომ პროკურატურა ადრე თუ გვიან შეიტანდა აღკვეთის შეცვლაზე იქიდან გამომდინარე, რომ აფგან სადიგოვს უკვე ორჯერ გაუგრძელდა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა. შესაბამისად, 9 თვის ვადის გასვლის შემდეგ მას უნდა დაეტოვებინა საპატიმრო დაწესებულება. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე რომ პროკურატურას არ სურდა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო ეს ადამიანი, შეიტანა მოთხოვნა გირაოზე [5 ათასი ლარის ოდენობით]. როცა პროკურატურამ შეიტანა შუამდგომლობა სასამართლოში, თავად პროკურორი დაგვიკავშირდა, რომ შუამდგომლობა შეჰქონდა და შემდეგ უკვე შესაბამისად, სასამართლო დაგვიკავშირდა პროცესთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს ან პროკურატურას სურდა მისი გათავისუფლება, ეს არის კანონის ჩანაწერის გამოყენება, რადგან 9 თვის გასვლის შემდეგ ადამიანს ვეღარ დატოვებ იგივე საქმეზე საპატიმრო დაწესებულებაში. შესაბამისად, პროკურატურა, იმის გამო რომ აფგანი აღკვეთის გარეშე არ დარჩენილიყო, 3 მაისამდე, ანუ რამდენიმე დღით ადრე შეიტანა შუამდგლომლობა შეცვლასთან დაკავშირებით”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი მარიამ ყველაშვილი.
მისივე განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს იუსტიციის მინისტრმა, თუნდაც დაუშვას აფგან სადიგოვის ექსტრადირება, ამას ვერ შეძლებს.
“ვიდაინდან 27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, რომ ხანგრძლივად შეაჩერებს პროცესს იქამდე, სანამ არსებითად არ განიხილავს აფგანის საქმეს. ჩვენ უკვე საბოლოოდ 28 მარტს გავაგზავნეთ საქმე სასამართლოში და უახლოეს პერიოდში ველოდებით სასამართლოსგან სახელმწიფოსთან კომუნიკაციას და გადაწყვეტილებას [რაც შეიძლება წლებიც გაგრძელდეს].
ამასთან, ჩვენ პატიმრობის პერიოდშიც მიგვაჩნდა, რომ მისი პატიმრობა იყო დაუსაბუთებელი და ახლაც, გირაოს შეფარდების შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ არის დაუსაბუთებელი. ამიტომ ჩვენ სააპელაციო სასამართლოში 48 საათის განმავლობაში გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას”.
