„თურქეთიდან კვერცხის გაზრდილმა იმპორტმა სექტორს ხელი შეუშალა“ – ზურაბ უჩუმბეგაშვილი

„2023 წელის წინა რამდენიმე წლისგან განსხვავებით კარგი იყო, რადგან არანაირი ექსცესი არ გვქონია“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა უთხრა. მისი თქმით მიუხედავად საომარი მდგომარეობისა და იმისა, რომ რუსეთმა გადასახადი შემოიღო, სექტორმა მოახერხა და სირთულეები გადალახა.
„ეს წელი ნორმალური იყო, სირთულეები გადავლახეთ, თუ პანდემიის 2-3 წელი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ ფრინველი მშიერი არ დაგვრჩენოდა, წელს მიუხედავად ყველაფრისა პრობლემები გადავლახეთ. მარცვლეულით მომარაგებაც ნორმალურად ხდება, ფასმაც დაიწია და დასტაბილურდა.
ცუდი ის იყო, რომ თითქმის 300%-ით არის გაზრდილი კვერცხი თურქეთიდან იმპორტი, რაც მალფუჭებად პროდუქტს ხელს უშლის, მით მეტეს კვერცხს, რომლის გადამუშავებაც საქართველოს პირობებში გამორიცხულია. ამის გამო ვერ მოვახერხეთ განგვევითარებინა წარმოება და პირიქით წინა თვესთან შედარებით 2-3%-ით ყოველთვის უკან ვიყავით.“ – აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
უჩუმბეგაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მოსახლეობაში კვერცხზე მოთხოვნა გაზრდილია და თურქეთიდან იმპორტის დიდი რაოდენობა გაზრდილმა მოთხოვნამ და წარმოების შემცირებამ დააბალანსა.
„იმპორტის გამო განსაკუთრებული პრობლემა არ შეგვქმნია, გამომდინარე იქიდან, რომ მარცვლეულზე ფასი სტაბილური იყო და ლარის კურსიც მთელი წლის განმავლობაში სტაბილური იყო პროდუქციას გაძვირება არ დაგვჭირდა“ – აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.