თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურორ როინ ხინთიბიძეს 1 მოწმე, დაზარალებული მირიან ქავთარაძე ჰყავს წარმოდგენილი.
როგორც საბა სხვიტარიძის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სწორედ მირიან ქავთარაძემ მოაწყო, თავისუფლების მოედანზე პროვოკაცია.
„ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაზარალებულ მირიან ქავთარაძეს წარმოადგენს, რომელიც პოლიციის თანამშრომელია, საბა სხვიტარიძეს კი მის მიმართ თავდასხმას ედავებიან, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. ასევე, ბრალდების მხარეს გამოსაკითხი დარჩა, მთავარი გამომძიებელი ამ სისხლის სამართლის საქმის, რომელიც შემდეგ სასამართლო სხდომაზე დაიკითხება. მირიან ქავთარაძე არის ადამიანი, რომელმაც ადგილზე პროვოკაცია მოაწყო და რომლის წინააღმდეგაც დაწყებულია გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ჩვენ გვყავს მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ სწორედ მან მოაწყო პროვოკაცია. მას ასევე ადგილზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდა, რომ პოლიციელი იყო”,- განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
