„საცობებში დაკარგული დრო და საწვავის დამატებითი ხარჯი ჯამში, მინიმუმ 1 მილიარდ ლარს აჭარბებს,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განუცხადა.
როგორც გამოცემას სტატისტიკოსმა განუცხადა, თბილისში საცობების ეკონომიკური გავლენის შეფასებისას მან უფრო კონსერვატიული მეთოდი გამოიყენა. კერძოდ, მისი შეფასებით, საცობებში დაკარგული დრო და საწვავის დამატებითი ხარჯი ჯამში, მინიმუმ 1 მილიარდ ლარს აჭარბებს.
თბილისის საცობში მძღოლი წლიურად 120 საათს კარგავს
„პარამეტრები დამოკიდებულია იმაზე, რა მანძილს გადის საშუალოდ წელიწადში მსუბუქი ავტომობილი; დღიური გარბენი დაახლოებით 35-40 კილომეტრამდეა, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგი ავტომობილი მეტს გადის, ზოგი გაჩერებულია, ზოგი კვირაში რამდენიმე დღე მოძრაობას და ა.შ.
შეგვიძლია საცობში დაკარგულ 10 წუთზე დავთალოთ ეკონომიკური ზარალი და შემდეგ გადავიანგარიშოთ კოეფიციენტებზე. ჩემი შეფასებით, 10-წუთიანი საცობის წლიური ალტერნატიული ღირებულება საშუალო დღიურ ხელფასზე დათვლით 430-440 მილიონ ლარამდეა. 20 წუთი 860-880 მლნ ლარი გამოდის და ა.შ. ვფიქრობ, რომ დღიურ გარბენზე გაანგარიშებით საცობებში გატარებული საშუალო დრო 20 წუთს არ უნდა აჭარბებდეს. თვეში ერთი მძღოლი დედაქალაქში საშუალოდ, 10 საათს, წელიწადში კი – 120 საათს ატარებს. ხოლო მთლიანობაში, თბილისის საცობებში მოსახლეობა ატარებს საშუალოდ 66 მილიონ საათს. აქედან გამომდინარე, წლიური ზარალი რომ დავამრგვალოთ, 900 მილიონ ლარამდე იქნება“, – აღნიშნავს სოსო არჩვაძე.
რაც შეეხება საწვავის ნაწილს, სტატისტიკოსმა დათვალა, რომ საშუალოდ 100 კმ-ზე ავტომობილი მოიხმარს 8 ლიტრ საწვავს, თუმცა მანქანის მოდელის მიხედვით ეს რაოდენობა შესაძლოა, ბევრად მეტი ან ნაკლები იყოს.
„საშუალოდ, 8 ლიტრი ავიღე, დავიანგარიშე საცობებში ნელი მოძრაობა და დამატებითი ხარჯი, ვფიქრობ, ეს ჯამში დაახლოებით 160 მილიონი ლარის ზარალია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ყველაფერი არის კონსერვატიული შეფასებით და შესაძლოა, მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი იყოს“, – დასძინა არჩვაძემ.
როგორც ცნობილია, ბოლო წლებში დედაქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტის რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება. ასე მაგალითად, ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 230 ათასით გაიზარდა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება თბილისში ავტომობილების რაოდენობა, პრაქტიკულად, უცვლელი რჩება საავტომობილო გზები. პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრისას, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, უფრო მეტი ხიდების, ესტაკადების მშენებლობასა და მიწისქვეშა სატრანსპორტო ქსელების განვითარებაზე.
ვრცლად: www.bpn.ge
