თბილისის მერი კახა კალაძე ქართული ოცნების მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტების აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას ეხმაურება.
ის ირწმუნება, რომ კაია კალასსა და “მსგავსი ტიპის ბიუროკრატებს აწუხებთ, რომ ვერ შეძლებენ გამჭვირვალობის გარეშე ქვეყანაში შავი ფულის შემოტანას”. მისი მტკიცებით, “კანონების მიღება ქვეყნის საკეთილდღეოდ ხდება”.
“კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომლებიც ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ვერ შეძლებენ გამჭვირვალობის გარეშე ქვეყანაში შავი ფულის შემოტანას. შესაბამისად, ვერ მიმართავენ ამ ფულს სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციაში. სწორედ ეს ფაქტი აწუხებთ.
კანონების მიღება, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები – ეს ყველაფერი კეთება ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, გავაძლიეროთ სუვერენიტეტი და ამ ტიპის ბიუროკრატებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები სათავისოდ გამოიყენონ. ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის მივცემთ. თუ საჭირო იქნება დამატებითი კანონების მიღება, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს გაითვალისწინებს და სუვერენიტეტს გააძლიერებს, რა თქმა უნდა, მივიღებთ”, – ამბობს ის.
კაია კალასის თქმით, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომლითაც რეჟიმის თანხმობის გარეშე გრანტების მიღება იკრძალება “სამოქალაქო სივრცეს კიდევ უფრო ავიწროებს”.
არალეგიტიმურმა პარლამენტმა რეჟიმის თანხმობის გარეშე გრანტების აკრძალვის შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მას 82-მა არალეგიტიმურმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.
ინიცირებული ცვლილებების თანახმად, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება – თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.
მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს, ხოლო დარღვევის შემთხვევაში მიმღები დაჯარიმდება ორმაგი ოდენობით.
