თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ თუ რეჟისორ დავით დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს.
ასე გამოეხმაურა ის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.
კახა კალაძე ირწმუნება, რომ პოლიტიკურად განსხვავებული პოზიცია და პროტესტიც მისთვის მისაღებია, თუმცა, სადაც ხარ, იქ უნდა იმუშაო და კონკრეტულ მიმართულებას მიხედო.
„განსხვავებული აზრი უამრავ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ჩემს უწყებაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. შეუძლებელია, რომ ყველას ერთნაირი აზრი გააჩნდეს. რაც შეეხება დოიაშვილის მოხსნას, ამის საფუძველი არ ვიცი რა იყო. თუმცა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვუყურებ, ვიტყვი, რომ თუ დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და იმ კონკრეტულ მიმართულებას მიხედო. პროტესტი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო, არ გააკეთო შენი გასაკეთებელი.
წლების განმავლობაში დავით დოიაშვილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს სათავეში ედგა. შეიძლება ადამიანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ეს ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ, თქვენ ნუ უყურებთ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, დღეს ქუჩაში რომ არიან წარმოდგენილნი აგენტურის სახით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობიდან გუშინ, 16 აპრილს, გაათავისუფლა. სამინისტრო გათავისუფლების მიზეზად იმას ასახელებს, რომ „თეატრის ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა“.
ახალი თეატრი ძალიან აქტიურად არის ჩართული საპროტესტო მოძრაობაში. მათ მოამზადეს საპროტესტო მანიფესტი, რომელიც არაერთ ქალაქში წარადგინეს.
აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი სინდისის პატიმარია ახალი თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
