“როცა ჩამოვედი მითხრა, თქვენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხართო, თუმცა…” – გერმანიის ელჩი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი BMG tv-ის გადაცემა „რედაქტ2″-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიას ჯამურად 13 პირი ჰყავს დასანქცირებული, თუმცა მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
ფიშერის განმარტებით, გერმანიამ სამოგზაურო აკრძალვა დაუწესა იმ 13 ადამიანს, რომლებიც მათი შეფასებით, პასუხისმგებლები იყვნენ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
როცა ჩამოვედი საქართველოში პრემიერმა მითხრა, რომ თქვენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხართ, ბევრმა იგივე მითხრა, თუმცა 2024 წლიდან ყველაფერი შეიცვალა. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა კრიზისშია. ჩვენი შეფასებით, დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებები დაირღვა, ასევე დაირღვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ევროკავშირში შესასვლელად ადამიანის უფლებების პატივისცემა ფუნდამენტურია, თუმცა ის დაირღვა და თანაც ძალიან მნიშვნელოვნად. ჩვენი პოლიტიკა და ზოგადად აღქმა ისეთია, რომ ადამიანის უფლებები საშინაო პოლიტიკის ნაწილად არ მიგვაჩნია, რადგან არსებობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტი. ჩვენი მოვალეობა მათი დაცვაა. სწორედ ამიტომ დავაწესეთ სანქციები 13 პირის მიმართ, რაც იყო ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. დავუწესეთ სანქციები 13 პირს, რომლებიც ჩვენი შეფასებით პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ ჩვენს ქვეყანაში.
სანქციები გზავნილია საქართველოსთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას არ ვეთანხმებით და გთხოვთ, შეწყვიტოთ ეს ქმედება. გერმანიაში ასევე გვაქვს კანონი, რაც გულისხმობს პერსონალური მონაცემების დაცვას და სწორედ ამიტომ არ ვაქვეყნებთ ამ ინდივიდების სახელებს. შესაბამისად, კანონი მიკრძალავს ღიად ვისაუბრო სახელებზე”, – ამბობს პეტერ ფიშერი.