ცინიზმის მწვერვალია, რომ დოიაშვილი თავისივე შექმნილი თეატრიდან გაუშვეს – ეს არის იმ რეპრესიის გაგრძელება, რაც ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შესახებ.
მისი თქმით, „ამ დანაშაულში წვლილი შეიტანეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა იმ ხელოვანებმა, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში დუმდნენ“.
„რაც ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ გაგრძელება იმ რეპრესიის, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა. უნდა გვესმოდეს ის ქვეტექსტი, რომ დოიაშვილი გაუშვეს იმ თეატრიდან, რომელიც მან შექმნა, თავისი სახელით, ბრენდით, რეპუტაციით, დასით. მისი შექმნილია ეს თეატრი, ვიღაცის თეატრში კი არ მისულა, მაგალითად, რუსთაველის ან მარჯანიშვილის თეატრში, რომელსაც სხვა ტიპის ისტორია აქვს. თავისივე შექმნილი თეატრიდან გაუშვეს ეს ადამიანი. ცინიზმის მწვერვალია, თუმცა სრულიად გასაგებია, რომ ასეთი ტიპის ხელისუფლება გადადის ყველა ტიპის რეპრესიაზე, რომელმაც შეაშფოთა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი: მანანა ბერიკაშვილი, ქეთი დოლიძე, ავთო ვარსიმაშვილი და სხვები. ვნახეთ მათი განცხადებებიც, რომლებიც თურმე, გაოგნებულები არიან ამ ტიპის გადაწყვეტილებით, თუმცა უნდა გვესმოდეს, ამ დანაშაულში და რეპრესიაში მათი წვლილიც არის, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში დუმდნენ,“ – განაცხადა კუპრაძემ.
მისივე შეფასებით, „ივანიშვილის პარტიამ სტაბილურობა დიდი ხნის წინ დაკარგა და ეს გუნდის შიგნით წმენდაში ჩანს“.
კუპრაძის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება როგორც თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს მიმდინარე წელს ჩანიშნავს, თუმცა აქვე აზუსტებს, რომ „როდის ჩაინიშნება ახალი არჩევნები, იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის ძალისხმევა ექნება საზოგადოებას და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს“.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება როგორც თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებისთვის. რეგიონებში და თბილისის მასშტაბით, პარტიული დავალება აქვთ, რომ დაიწყონ (და უკვე დაწყებული აქვთ) კომისიის წევრების წარმომადგენლების და ე.წ. გვერდითა დამკვირვებლების გადამზადება. დავალება არის ის, რომ „ჩვენ უნდა მოვემზადოთ ახალი საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებისთვის“. მე ვფიქრობ, რადგან ახლა დაიწყო ამისთვის მზადება, ამ წელს უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ისინი ეცდებიან, რომ დრო გაწელონ და მაქსიმალურად მეტ ხანს შეძლონ დროის გამოყენება და სურვილზე იყვნენ დამოკიდებული, რომ ჩვენ შეიძლება დავიღალოთ, უარი ვთქვათ წინააღმდეგობაზე, რაც თავისი არსით, გამორიცხულია. ამიტომ, რა ტიპის ძალისხმევაც ექნება საზოგადოებას და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, ამაზეა დამოკიდებული, როდის ჩაინიშნება ახალი არჩევნები, ამ წელს თუ მომდევნო წლის გაზაფხულზე, ალბათ,“ – განაცხადა კუპრაძემ.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას – ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გადაწყვეტილი არაა, მიიღებს თუ არა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას „ლელო/ძლიერი საქართველო“, თუმცა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არც უნდა იყოს მიღებული, რადგან „ქართულ ოცნებას“ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ პროპაგანდისთვის, შესაძლებლობა არ მიეცეს.
მისივე თქმით, ოპოზიციის ნებისმიერი გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის უნდა იყოს უეცარი, რომელზე რეაგირებასაც ვერ მოასწრებს.
„გადაწყვეტილება არ არსებობს. გადაწყვეტილება არ უნდა არსებობდეს მანამ, სანამ არ იქნება გადაწყვეტილების მიღების მომენტი დამდგარი. ანალიტიკურად რომ შევხედოთ, დღეს რომ მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეობის, ან არ მონაწილეობის შესახებ, ამით ივანიშვილის პროპაგანდას აძლევ შესაძლებლობას, რომ მომდევნო 7 თვე გამოიყენოს სტრატეგიულად, პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდეგ, ან შექმნას ე.წ. ჯიბის პარტიები და მათ მიაღებინოს მონაწილეობა და შემდეგ სცადოს ლეგიტიმაციის მონაწილეობა ამ კუთხით, ან თქვას, რომ „არა, თქვენ კი არ იღებდით მონაწილეობას, ჩვენ არ გაძლევდით უფლებას რომ მონაწილეობა მიგეღოთ“. ბევრი პროპაგანდისტული ხაზი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომლითაც იბრძვის ადამიანების გონების დამახინჯებისთვის და მათ გონებაში ცუდი, არარსებული ტყუილი შეტანისთვის. ამიტომ ჩვენ მათ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება, წინააღმდეგობა, დარტყმა უნდა იყოს ივანიშვილისთვის უეცარი, რომელზე რეაგირებასაც ვერ მოასწრებს,“ – განაცხადა კუპრაძემ.
გარდა ამისა, მან 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსთაველის გამზირზე, უშუალოდ, პარლამენტის წინ, ღონისძიების მოწყობა „ვერ გაბედა“. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ 26 მაისის ღონისძიებების გამართვის ხელშეშლა არ უნდა მოხდეს.
„ეს არის სხვა ტიპის დღესასწაული, რომელშიც ჩვენ ნეგატიური როლი არ უნდა გვქონდეს. მე ვფიქრობ, 26 მაისი არის იმ ტიპის დღე, როცა არანაირი ტიპის პოლიტიკური წინააღმდეგობა არ უნდა არსებობდეს, თუმცა ფაქტია, რომ ამ წინააღმდეგობას თავად გაექცა და შეეშინდა „ქართული ოცნება“. მათ ვერ გაბედეს რუსთაველის გამზირზე რაიმე ტიპის ღონისძიების მოწყობა. ივანიშვილმა და „ქართლმა ოცნებამ“ დაკარგა ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ და ის კარგავს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სიმბოლოებს – მათ ვერ შეძლეს ახალი წლის მოქალაქეებთან ერთად აღნიშვნა, ისევე როგორც შობის. თქვენ ნახეთ, რომ შობასა და ახალ წელზე რუსთაველის გამზირზე ათი და ასიათასობით მოქალაქე იდგა და აღნიშნავდა. მათ ასევე, ვერ შეძლეს 9 აპრილის მემორიალთან მისვლა. მათ ვერ გაბედეს რუსთაველის გამზირის ათვისება და ღონისძიების მოწყობა 26 მაისს, პარლამენტის წინ,“ – განაცხადა კუპრაძემ.
