მკვლელობის მონაწილე ხართ, თქვენ მონაწილეობთ ჩემს მკვლელობაში, – ასე მიმართა დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულმა გიორგი ჩიკვაიძემ მოსამართლეს.
გიორგი ჩიკვაიძის მიმართვის შემდეგ, მოსამართლე იზა კელენჯერიძემ ბრალდებული სიტყვიერად გააფრთხილა და თავშეკავებისკენ მოუწოდა.
აღნიშნული ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც დაცვის მხარე მოსამართლეს შუამდგომლობებით მიმართავდა, რომლის მიხედვითაც, დაცვის მხარემ დასაკითხ პირთა სია წარმოადგინა, თუმცა კონკრეტული პირების სახელი და გვარები არ დაუსახელებიათ.
აღნიშნული შუამდგომლობები კი მოსამართლემ, სწორედ ამ მიზეზით არ დააკმაყოფილა, რომ არცერთი პირის სახელი და გვარი შუამდგომლობაში წარმოდგენილი არ იყო.
ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს – ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
