“მარანი „ითაბანი“ აგროტურისტული სერვისების შეთავაზებას 1 მაისიდან დაიწყებს”, – ამის შესახებ BM.GE-სთან კოჭლამაზაშვილების საოჯახო მარნის დამფუძნებელმა, რატი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა.
საოჯახო მეურნეობის დამფუძნებლის ინფორმაციით, სერვისზე წინასწარი ჯავშნები უკვე აქვთ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან. უფრო კონკრეტულად, სერვისით დაინტერესებული არიან გერმანიიდან, შვეიცარიიდან და პოლონეთიდან. თუმცა, კოჭლამაზაშვილი დასძენს, რომ ჯავშნების რაოდენობაზე მოლოდინი უფრო მეტი ჰქონდათ.
“საერთაშორისო ჯავშნები გვაქვს შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ასევე პოლონეთიც. ძირითადად ევროპულ ბაზრებზე ვართ ორიენტირებული. „ითაბანი“ მომხმარებელს აგროტურისტული მეურნეობის ტურებს შესთავაზებს. ძირითადი, წამყვანი მიმართულებაა ღვინის დეგუსტაცია და სადილი. ამასთან, ქვევრის ღვინის წარმოების ტექნოლოგიის გაცნობა და ადგილობრივი თუშური კერძების დაგემოვნება. განთავსების შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს, თუმცა ჩვენს მეურნეობასთან ახლოს არის საოჯახო სასტუმროები, ამასთან „ლოპოტა“ ჩვენთან 15 წუთის სავალზეა. შესაბამისად, ამ მხრივ მოქნილები ვართ“, – ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.
მისივე ცნობით, ობიექტს სხვადასხვა სივრცეები აქვს. შიდა სივრცეში 25-მდე ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი, გარე სივრცეში ერთდროულად 100 ადამიანის განთავსებაც შესაძლებელია.
ინფორმაციისთვის, კოჭლამაზაშვილების საოჯახო მარანი „ითაბანი“ ოფიციალურად 2023 წელს გაიხსნა. იგი მდებარეობს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, თუშეთისკენ მიმავალი გზის პირას და წარმოადგენს აგროტურისტულ მეურნეობას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ვენახს, თხილის ბაღს, ტრადიციულ მარანს (ქვევრებით) თავისი სადეგუსტაციო სივრცით და ღია და დახურულ ტერასებს კავკასიონის ულამაზესი ხედებით. აგროტურისტული მეურნეობა ასევე მოიცავს ტრადიციული თუშური გუდის ყველის შესაფუთ მცირე საწარმოს, რომელსაც უკვე 20-წლიანი ისტორია აქვს.
