„როდესაც ციფრული ჯანდაცვა ეფექტურად იმართება, ის ხდება მძლავრი საშუალება უთანასწორობების აღმოსაფხვრელად და მდგრადი სისტემების შესაქმნელად“ – მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრმა, აბუ დაბის გლობალური ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჯანდაცვის სისტემაში ციფრული სერვისებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
მიხეილ სარჯველაძემ, აქცენტი, საქართველოში, ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიმდინარე პროექტებზე გააკეთა. ასევე, ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტელემედიცინის პროექტზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, სწრაფი დიაგნოსტირებისა და ეფექტური მკურნალობის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.
მიხეილ სარჯველაძემ, ასევე, ისაუბრა, ქვეყანაში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების მართვის მიზნით დანერგილ პროექტზე, რომელიც ციფრული სერვისების ინტეგრაციით, აძლიერებს სამედიცინო პერსონალის უნარებს, ზრდის მომსახურების ხარისხს რეგიონებში და რეალურ დროში ავითარებს ადგილობრივ კლინიკურ ექსპერტიზას.
„როდესაც ციფრული ჯანდაცვა ეფექტურად იმართება, ის ხდება მძლავრი საშუალება უთანასწორობების აღმოსაფხვრელად და მდგრადი სისტემების შესაქმნელად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, ჯანდაცვის სისტემაში, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისას, პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა. ამასთან, როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით, საქართველო, მოქალაქეზე ორიენტირებული ინოვაციების დანერგვას, მომავალშიც გააგრძელებს.
აბუ დაბიში გამართულ სამდღიან კონფერენციას, ასევე, ესწრება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს
