“ქართული ოცნება” 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს. ამის შესახებ დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ყრილობაზე აირჩევენ პოლიტიკური საბჭოს წევრებს, ამასთან იცვლება პოლიტიკური საბჭოს წევრთა რაოდენობა და 20-ის ნაცვლად საბჭოში 15 წევრი შევა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნებიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
“დღეს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პარტიის საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 20 წევრისა.
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა: ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე.
ყრილობის გამართვის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება საკითხს, რომ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნებიან კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე, ირაკლი კობახიძემ დამატებით განმარტა, რომ ისინი პარტიულ საქმიანობაში ბოლო პერიოდში ფაქტიურად აღარ იყვნენ ჩართული.
“პოლიტსაბჭოს შემადგენლობა უცვლელი სახით დამტკიცდება, ბოლო პერიოდის განმავლობაში კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე არ იყვნენ ფაქტობრივად ჩართულები პარტიულ საქმიანობაში. მათთან გვქონდა საუბარი. ისინი აღარ არიან წარმოდგენილები პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია. თავის დროზე პოლიტსაბჭო 21 წევრის შემადგენლობით დამტკიცდა, ახლა ვამცირებთ. 15+1 იქნება შემადგენლობა”, – განაცხადა კობახიძემ.