უკრაინის გზა ნატო-სკენ შეუქცევადია და არაფერი შეცვლილა, მაგრამ არავინ დაჰპირებია უკრაინას, რომ ალიანსში გაწევრიანება სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იქნებოდა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში რჩება.
„ეს იყო ვაშინგტონის სამიტის შედეგი. უკრაინის გზა ნატო-სკენ შეუქცევადია და არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა რუტემ.
როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება დაივიწყოს, რუტემ აღნიშნა, რომ როდესაც ითქვა, რომ უკრაინა ერთ დღეს ნატო-ს წევრი გახდებოდა, არასდროს ყოფილა დაპირება, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იქნებოდა.
„ამერიკის პრეზიდენტი მუშაობს უკრაინაში ხანგრძლივ მშვიდობაზე. ანუ არა მინსკი 3, როგორც ადრე გვქონდა, არამედ ცეცხლის შეწყვეტა და რეალური სამშვიდობო შეთანხმება. მაგრამ არავინ დაჰპირებია უკრაინას, რომ ნატო-ში გაწევრიანება შეთანხმების ნაწილი იქნებოდა. მაგრამ როდესაც საქმე უკრაინის ნატო-ში მომავალ წევრობას ეხება, გადაწყვეტილებები ვაშინგტონის სამიტზეა მიღებული და არ იცვლება“, – აღნიშნა რუტემ.
