საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაწყვეტილების მიღების ახალ მეთოდზე გადასვლას სთავაზობს.
სააკაშვილის თქმით, ახლა, როცა აღარც არჩევნები ტარდება და რეპრესიებიც სულ უფრო ფართოვდება, პოლიტიკური პარტიების როლი მთლიანად იცვლება და „ნაციონალური მოძრაობაც“, კლასიკური პოლიტიკური პარტიიდან, წინააღმდეგობის მოძრაობად უნდა გარდაიქმნას.
„რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზნად როგორც აქამდე, რჩება მთელი პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება, მაგრამ ამის პარალელურად, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს არის მათი პარტია, მათი პოლიტიკური სახლი, სადაც თვითონ არიან ბატონ-პატრონები. პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. ჩვენ საქართველოში ყოველთვის ნოვატორები ვიყავით და ახლაც გთავაზობთ, რომ შემოვიღოთ გადაწყვეტილების მიღების სრულიად ახალი მეთოდი — ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღება ელექტრონულად და კენჭისყრით. გადაწყვეტილების მიღება მოხდება ჩვენს ამომრჩევლებთან, პარტიის ლიდერშიპთან და ჩემთან კონსულტაციის შედეგად პარიტეტის პრინციპით“, — ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
მისი თქმით, ასეთი გზით მიიღებენ გადაწყვეტილებებს პროტესტის ფორმებზე, არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე თავისუფალ არჩევნების მიღწევის შემდეგ, საარჩევნო სიებზე, სხვა პარტიებთან პოლიტიკურ ალიანსებზე და შიდა საკადრო საკითხებიც მხოლოდ ელექტრონული კენჭისყრით გადაწყდება.
„ამ სისტემით ხდება პარტიის მხარდამჭერების ინსტიტუციონალიზაცია. ეს იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი რეგისტრირებული თანამემამულეები, რომლებიც გადაიხდიან სიმბოლურ საწევრო გადასახადს, მუდმივად მიიღებენ პარტიისგან ინფორმაციას და გაგვიზიარებენ თავის იდეებს. ამავე დროს პარტიის წევრები რჩებიან განსაკუთრებულ მდგომარეობაში, ვინაიდან ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობენ როგორც უშუალოდ თვითონ, ასევე მათ მიერ არჩეული პარტიის მმართველი ორგანოების მეშვეობით“, — წერს სააკაშვილი.
მისი თქმით, ბოლო წლებში პარტიაში მივიდა ახალგაზრდების ძალიან იდეალისტური და ბრძოლისუნარიანი ჯგუფი, რომელიც სულ უფრო განიმტკიცებს თავის პოზიციებს როგორც პარტიის მართვაში, ასევე საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში.
„ამავე დროს ენმ-ს ჰყავს მთელი არმია ძველი გამობრძმედილი მებრძოლების, რომელთაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ყველაზე წარმატებულ 9 წლიან პერიოდში საქართველოს ისტორიაში და რომლის კისერზეც წისქვილის ქვასავით გადაიარა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მმართველობამ და ის, რომ ეს ხალხი რჩება პარტიაში, მათ ნამდვილ გმირობაზე მიუთითებს. ამ ხალხს განსაკუთრებული დაფასება და პატივისცემა ეკუთვნის და მათი გამოცდილება ფასდაუდებელია საქართველოს ხელახლა გადარჩენის საქმეში. ახლა დაღლის და ხელების ჩამოშვების კი არა, მობილიზაციის და შეტევის დროა“, — აცხადებს სააკაშვილი.
ის სთხოვს თინა ბოკუჩავას, ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ბარამიძეს, ირაკლი ფავლენიშვილსა და ლევან სანიკიძეს, პარტიის გადაწყვეტილების მიმღები ახალი მექანიზმების, ელექტრონული აპლიკაციის შესაქმნელად წინადადებები ჩამოაყალიბონ და ამ რეფორმის ფორმალიზება პარტიის წესდებაში შეტანით მოახდინონ.
სააკაშვილის თქმით, ასევე აუცილებელია პარტიის ადეკვატური ფუნქციონალური ოფისის ამუშავება, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შეხვედრების და ურთიერთქმედებების მუდმივი ადგილი.
კახეთის გზატკეცილზე მდებარე ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაიყიდა.
