რუსეთთან მოლაპარაკებებში რაღაც ისეთის ზღვარზე შეიძლება ვიყოთ, რაც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან შეთანხმება ყალიბდება თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დროის მოგებას ცდილობს, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესია.
„ვფიქრობ, კარგი სიტყვა გამოიყენეთ, ყალიბდება. დიახ, ასე ვფიქრობ. ეს მესამე შეხვედრა იყო, რომელიც მასთან (ვლადიმერ პუტინი) გავმართე. შეხვედრა თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა. ოთახში მისი ორი მთავარი მრჩეველი იყო (რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე) იური უშაკოვი და (რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი) კირილ დმიტრიევი. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და შეხვედრის ბოლოს ჩვენ იქამდე მივედით, რაც მუდმივი მშვიდობის მისაღწევად პუტინის მოთხოვნას წარმოადგენს. ჩვენ პასუხი მივიღეთ“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.
მისი თქმით, „სამშვიდობო შეთანხმება ე.წ. ხუთი ტერიტორიის შესახებ არის“.
„მაგრამ კიდევ უფრო მეტი რამ არის. უსაფრთხოების პროტოკოლები, ნატოს მე-5 მუხლი, ძალიან ბევრი დეტალია. რთული სიტუაციაა, რომელიც რეალურ პრობლემურ საკითხებს ეფუძნება, რაც ორ ქვეყანას შორის ხდება. ვფიქრობ, რაღაც ისეთის ზღვარზე შეიძლება ვიყოთ, რაც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, ვფიქრობ, რომ რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობების ხელახლა ფორმირების შესაძლებლობა არსებობს, ძალიან მიმზიდველი კომერციული შესაძლებლობების მეშვეობით, რაც, ვფიქრობ, რეგიონში რეალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. პარტნიორობა სტაბილურობას ქმნის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
