რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ქალაქ კურსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებულ შეტევაში.
კურსკის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 15 აპრილს, გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობით, ღამით „მშვიდობიან ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული დარტყმები“ იყო. შტაბის თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ცხრა ადამიანი, სამ ქუჩაზე ხანძრები გაჩნდა რამდენიმე მრავალბინიან სახლში, საიდანაც მობინადრეთა ევაკუაცია გახდა საჭირო.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დრონებით დარტყმა იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გარაჟზეც, სადაც 11 ავტომანქანა დაზიანდა.
უკრაინას ქალაქ კურსკზე დრონებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
კურსკის ოლქიდან, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, რუსეთის ჯარები ინტენსიურად უტევენ უკრაინის ტერიტორიას.
13 აპრილს, სუმის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 35 და დაიჭრა 120-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
თავის მხრივ, უკრაინის ჯარებიც რუსეთის კურსკის რეგიონს პრაქტიკულად ყოველდღე უტევენ უპილოტო საფრენი აპარატებით. 2024 წლის აგვისტოში უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკში დაიწყეს სახმელეთო ოპერაციაც, რომლის მიზნად გამოცხადდა საზღვრისპირა რაიონების დასაცავად უსაფრთხოების ზონის შექმნა.
ფორუმი
