სომხეთი იმედოვნებს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას

საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ს ხელმძღვანელობით ერევანში იმყოფებოდა, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის მიწვევით.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მხარეები საპარლამენტო თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივების რეალიზაციაზე შეთანხმდნენ.
ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება მოხერხდება. ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივი რადიო წერს.
სიმონიანის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა და ეკონომიკური კავშირები გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ კონტექსტში მან ასევე ახსენა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსთან“ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული პრობლემები და კმაყოფილება გამოთქვა ტრანზიტის გამარტივების მიმართულებით საქართველოს ძალისხმევაზე.
თავის მხრივ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში „საკმაოდ პოზიტიური პროცესები“ განხორციელდა.
ალენ სიმონიანი რეგიონულ უსაფრთხოებასა და გამოწვევებს შეეხო და დაადასტურა სომხეთის ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების დღის წესრიგის მიმართ. ალენ სიმონიამა საქართველოს წარმომადგენელი მიიწვია სომხეთის მიერ წარმოდგენილ პროექტში, „მსოფლიოს გზაჯვარედინზე“, მონაწილეობისთვის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას, რაც შესაძლოა გახდეს რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების გარანტი.
შეხვედრაზე მოსაზრებები გაცვალეს აზერბაიჯანიდან სომეხი ტყვეების დაუყოვნებლივ დაბრუნების თაობაზე.