კვერცხის დემპინგური იმპორტის დროს ჩვენც დემპინგზე მივდივართ, სხვა გზას არ გვიტოვებენ – “სავანეთი”

ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოში კვერცხის იმპორტი შეწყდა. საუბარია სასურსათო კვერცხზე, რომელიც საქართველოში მხოლოდ თურქეთიდან შემოდის. ადგილობრივი მწარმოებლები ამას მეზობელ სახელმწიფოში შექმნილ დეფიციტს უკავშირებენ. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მოთხოვნის 100% დღეს მხოლოდ ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება.
მწარმოებლების თქმით, თურქეთიდან კვერცხის იმპორტის შეჩერება დროებითია და მას შემდეგ, რაც მეზობელ სახელმწიფოში ჭარბი პროდუქტი დაგროვდება, ის აუცილებლად გადმომისამართდება საქართველოში.
კომპანია “სავანეთის” დირექტორის თქმით, თურქეთიდან მცირე ვადიანობის კვერცხის დემპინგური ფასებით იმპორტი ისევ პრობლემაა და ადგილობრივ ფაბრიკებს მათთან კონკურენცია უჭირს, შედეგად იძულებული არიან ჭარბად დაგროვილი კვერცხი ან გაანადგურონ ან ისიც დემპინგური ფასით გაყიდონ.
“ადგილობრივი წარმოება ბაზრის 100%-ს აკმაყოფილებს ახლა. თუ არ შემოვიდა იმპორტი ვაკმაყოფილებთ ბაზარს, თუ შემოვიდა 1%-იც კი ე.ი ადგილობრივი წარმოება ან უნდა გაჩერდეს, ან თვითონ გაუფუჭდება პროდუქცია და მაინც გადაყრა მოუწევს მწარმოებელს.
არ იყო ამ ბოლო დროს დიდი სხვაობა ფასებს შორის იმპორტირებულ და ადგილობრივი წარმოების კვერცხს შორის, თუმცა ზაფხულში, როცა იქ ჭარბია წარმოება ჩვენთან პროდუქტი დაბალ ფასად შემოდის. შედეგად, ადგილობრივი წარმოება თვითღირებულებაზე დაბლა ჩამოდის. 1 ცალი კვერცხის ღირებულება 15-20 თეთრით ნაკლებია დემპინგური იმპორტის დროს. გვიწევს განადგურება ან ჩვენც მივდივართ დემპინგზე, სხვა გზას აღარ გვიტოვებენ, ვყიდით თვითღირებულებაზე დაბალ ფასად კვერცხს”,- აცხადებს ვეფხვია ჯაჭვაძე.
გასული წლის მდგომარეობით, ქვეყანაში წლის განმავლობაში 653 მილიონ ცალზე მეტი კვერცხი იწარმოება. რაც შეხება იმპორტს, საქსტატის მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში 1,9 მილიონი დოლარის ღირებულების 39 მილიონ 697 ათასი ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა, თურქეთში წარმოქმნილი დეფიციტის გამო გასულ წელს ეს მაჩვენებელი 18,4 მილიონ ცალამდე შემცირდა.