მარტის ბოლოდან საქართველოში British Airways-მა ფრენები განაახლა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 31 მარტს თქვა, რომ ავიაკომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რათა საქართველოს მიმართულების პოპულარიზაცია მოხდეს.
„გავაფორმეთ რამდენიმეწლიანი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიმართულების პოპულარიზაციას და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ახალი ნაკადების შემოყვანას“, – თქვა დავითაშვილმა.
შესყიდვების სააგენტოს საიტზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, ბრიტანულ ავიაკომპანიასთან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ხელშეკრულება ოთხ აპრილს გააფორმა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 88.5 ათასი ფუნტია (გადასახადების ჩათვლით), ხოლო მის გარეშე 75 ათასი ფუნტია. ამ თანხას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია სარეკლამო კამპანიისთვის იხდის. ხელშეკრულება კომპანიასთან მიმდინარე წლის დეკემბრამდე გაფორმდა და სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის ბორტზე საქართველოზე სარეკლამო რგოლის გაშვებას ითვალისწინებს.
ბრიტანული ავიახაზები საქართველოში კვირაში ოთხი სიხშირით დაფრინავს, ხოლო EasyJet-ი ფრენებს კვირაში ორჯერ ასრულებს.
ეკონომიკის სამინისტროში BMG-ის უთხრეს, რომ ბრიტანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, ამიტომ სამინისტრომ ორ უმსხვილეს ბრიტანულ ავიაკომპანიასთან (British Airways-ი და EasyJet-ი) აქტიურად იმუშავა.
“ბრიტანული ბაზრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ადმინისტრაცია აღნიშნულ ავიაკომპანიებთან ერთად ახორციელებს რიგ მარკეტინგულ აქტივობებს წლის განმავლობაში. ასევე ბრიტანეთში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ადმინისტრაცია გეგმავს სარეკლამო აქტივობებს მსხვილ საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმებთან, როგორიცაა Expedia და Skyscanner.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის განმავლობაში ახორციელებს გაცნობით ტურებს ბრიტანეთის მსხვილი მედია საშუალებების და ტუროპერატორებისთვის, საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ასევე იგეგმება პრეზენტაციები დიდ ბრიტანეთში, სადაც ადმინისტრაციასთან ერთად ქართული მხრიდან ასევე წარმოდგენილები იქნებიან ადგილობრივი ტურისტული კომპანიები და განთავსების ობიექტები.
ქვეყნის რეკლამირების მიზნით, წლის განმავლობაში დაგეგმილია სტატიების განთავსება უმსხვილეს ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებში Harper’s Bazzar-სა და Conde Nast Traveller. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაცია მიმდინარე წლის 19-20 ივლისს წარმოდგენილი იქნება National Geographic Food Festival-ზე ლონდონში, ბრიტანულ ბაზარზე ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციის მიზნით. მიმდინარე წლის ნოემბერში ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად, საპრომოციო სტენდით წარდგება მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე WTM London”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
ავიამიმართულების სტიმულირების პრაქტიკა კარგად აპრობირებულია, მათ შორის საქართველოშიც. მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების ხარჯები – ამ დასახელებით ხარჯები „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ანგარიშგებებშიც გვხვდება. ხარჯები მოიცავს ავიაკომპანიებისთვის გადახდილ თანხებს, რომლებიც გათვალისწინებულია სხვადასხვა არაექსკლუზიურ წამახალისებელ პაკეტებში და ორიენტირებულია მიმართულებების, სიხშირის ან/და მგზავრთა ნაკადის ზრდაზე. მაგალითისთვის, 2023 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიებისთვის insentive-ებზე თითქმის 13 მლნ ლარი დახარჯა, 2022 წელს 7 მილიონი, ხოლო პანდემიამდე 2019 წელს 15 მილიონი.
აეროპორტების გაერთიანების მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების ხარჯები:
· 2017 წელი 7.18 მლნ ლარი
· 2018 წელი 11.1 მლნ ლარი
· 2019 წელი 15 მლნ ლარი
· 2020 წელი 4.99 მლნ ლარი (Covid-19-ის პანდემია)
· 2021 წელი 2.37 მლნ ლარი
· 2022 წელი 7.29 მლნ ლარი
· 2023 წელი 12.66 მლნ ლარი
