კაია კალასი – ნათელია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, მას ომი სურს – ერთადერთი გზა, მასზე დამატებითი ზეწოლაა

ნათელია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნათელია, რომ მათ დრო გაჰყავთ და მშვიდობა საერთოდ არ სურთ. უკრაინა ერთი თვის წინ დათანხმდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს ომი სურს, რადგან ჩვენ გასულ შაბათ-კვირას სუმზე განხორციელებული ყველაზე სასიკვდილო თავდასხმის მომსწრე გავხდით“, – განაცხადა კაია კალასმა.
მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევით ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანაა დაინტერესებული და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე მუშაობს.
„ერთადერთი გზა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში სერიოზულად ჩაერთოს, მასზე დამატებითი ზეწოლაა. ყველას ინტერესშია, რუსეთი მიხვდეს, რომ უკრაინაზე თავდასხმით შეცდომა დაუშვა და ვერ გაიმარჯვებს. იმედი მაქვს, ყველასთვის ნათელია, რომ თუ მკვლელობების შეჩერება გსურთ, მაშინ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაზარდოთ, რადგან მკვლელობებს ის სჩადის“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ასევე, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყნის მონაწილეობა 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში „ევროპის მხრიდან უმნიშვნელოდ არ იქნება მიჩნეული, რადგან რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: თუ დადგინდება, რომ ასეთი საქმიანობა ეხმარება ოკუპანტის ინტერესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი შეფასების საგანი კი არა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გახდეს