„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლაში „ტრაგედიას ვერ ხედავს“.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ეს არანაირად არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარებას და ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს მათ ლეგიტიმაციას.
„ამას არ ვუყურებ, როგორც ტრაგედიას. ეს არანაირად არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარებას და ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს მათ ლეგიტიმაციას. ალბათ, ჩემთვის ეს ერთადერთი სხდომა იქნება, რომელსაც ვეცდები ვუყურო, ბევრი რამის გამო მაინტერესებს, მათ შორის „გავრილოვის ღამის“. ალბათ, გიორგი გახარიას ამ პრეტენზიასაც წაუყენებენ. საინტერესო ის არის, რომ დღეს გიორგი გახარიას მიმართ რიტორიკა და ბრალდებები ერთი -ერთზე ემთხვევა ჩვენს რიტორიკას და ბრალდებებს გიორგი გახარიას მიმართ, როცა ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს. მაშინ რა პრობლემებიც დავინახეთ, არა კონკრეტულად, გიორგი გახარიას მიმართ, არამედ ზოგადად, შსს-ის მოქმედებებში, სიტყვა-სიტყვით იმეორებს დღეს ამას კობახიძე“, – განაცხადა ბობოხიძემ.
ამასთან, მან ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა, რომლის წყაროს თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თანამდებობას დატოვებს და მას ამ პოსტზე, მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს. აკაკი ბობოხიძის აზრით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, კარგი არაფერია მოსალოდნელი.
„კარგს არაფერს უნდა ველოდოთ, რადგან ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნების საწინააღმდეგოდ სიკეთისკენ გადადგამს ნაბიჯს, რადგან ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებდა პირადად ძალოვან სტრუქტურებს. ძალოვანი სტრუქტურების მართვის გარეშე, შეუძლებელია პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ქვეყნისთვის სასიკეთოდ. პირადად, კიდევ უფრო უარესს ველოდები“, – განაცხადა ბობოხიძემ.
მისი განმარტებით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაწესებულ სანქციებს ყველა ვერ უძლებს, მათ შორის შესაძლოა, მათ რიგებში ვახტანგ გომელაურიც იყოს. აკაკი ბობოხიძის შეფასებით, „ის, რომ რეჟიმს კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯების გადადგმა უწევს, ეს არის დასასრულის დასაწყისი“.
„ეს არის შთამომავლობისთვის წყევლად დატოვებული დამღა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ვახტანგ გომელაური ამას განიცდიდა. დასკვნა ასეთია-ახლა მოდიან ადამიანები, რომლებიც ამ ნაბიჯების მიმართ უფრო მდგრადები, უფრო შუბლზე ძარღვგაწყვეტილები, უფრო სქელკანიანები იქნებიან ან ჰგონიათ, რომ ასეთი იქნებიან. ვნახოთ, მომავალი გვაჩვენებს. ვფიქრობ, არაფერ კარგს ამ ცვლილებისგან არ უნდა ველოდოთ, პირიქით, რეჟიმი კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებს გადადგამს. ის, რომ რეჟიმს კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯების გადადგმა უწევს, მგონია, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა ბობოხიძემ.
მისი განმარტებით, თუ ვახტანგ გომელაური პოსტს დატოვებს, შესაძლოა, მას სხვა საკადრო ცვლილებები მოჰყვეს.
„ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის კადრები პოსტს ტოვებენ. ამ ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელმაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ რაიმე გააკეთოს, არის მხოლოდ რუსეთი და პუტინი. კიდევ უფრო უარესს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ბობოხიძემ. მისი თქმით, ყველა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, „ქართული ოცნების“ მიერ არის ინიცირებული.
