„ციფრული ცხოვრების ხარისხის მიხედვით რეგიონში კარგ ადგილას ვართ და განვითარების პერსპექტივა და ნებაც არსებობს“ – ლადო სვანაძე

ჰოლანდიურმა კომპანია Surfshark-მა 2023 წლის ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო გასულ წელთან შედარებით 2 საფეხურით დაწინაურდა და 121 ქვეყნიდან 67-დან 65-ზე გადაინაცვლა. კავკასიის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანზე წინა პოზიციაზეა, მაგრამ უკეთესი მდგომარეობაა სხვა მეზობელ ქვეყნებში – რუსეთში, თურქეთსა და ში.
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორ ლადო სვანაძის თქმით, ეს ცუდი შედეგი არ არის, რეგიონში კარგ პოზიციაზე ვართ და ამ მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა, მაგრამ ერთადერთი კითხვა ინტერნეტთან მიმართებით ფასთან დაკავშირებით ისმება.
„ცუდი შედეგი არ უნდა იყოს. სადღაც შუაში ვართ. რეგიონშიც კარგ ადგილას ვართ და განვითარების პერსპექტივა და ნებაც არსებობს. წინა კვირას ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი და ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინოვაციების და კიბერუსაფრთხოების ღონისძიება ჩატარდა და იქაც ამ თემებზე იყო საუბარი. ერთადერთი კითხვა ინტერნეტთან დაკავშირებით ინტერნეტის ფასთან დაკავშირებით ისმება – რატომაა ცოტა მაღალი? პირდაპირ გეტყვით – ეს ნორმალური ფასია. ევროკავშირის ქვეყნებში რომ მივდივართ, იქ ოდნავ დაბალია ფასი, მაგრამ ჩვენ მაინც ინტერნეტის შემომტანები ვართ და ფასიც ნორმალურია“, – აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას ლადო სვანაძე.
მისი თქმით, კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე ყველაფერი მოგვარებულია და იმპლემენტაციის პროცესიც გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს.
„კიბერუსაფრთხოებას რაც შეეხება, 2021 წლის ივნისიდან, ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კანონში ცვლილებები რომ შევიდა, იმავე წლის სექტემბერში სტრატეგიის მიღება მოხდა და უკვე მიიღეს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგია, სადაც კრიტიკული ინფორმაციული სუბიექტები განისაზღვრა. საკანონმდებლო დონეზე ეს საკითხი მოგვარებულია. იმპლემენტაციის პროცესი სტრატეგია 2021-24 წლებზეა გათვლილი. 2024 წლის მეორე ნახევრიდან ახალი სტრატეგიის წერა დაიწყება. პროცესში ჩართული არიან ბრიტანელები და მათი დაფინანსებით და ხელშეწყობით მიმდინარეობს იმპლემენტაცია. რაც გულისხმობს – განათლების სექტორის ხელშეწყობას, ცნობიერების ამაღლებას, კიბერ-ჰიგიენისა და საერთაშორისო ურთიერთობის განვითარების თემებს, სპეციალისტების მომზადებას და ა.შ.“ – ამბობს ლადო სვანაძე.
მისი თქმით, კიბერუსაფრთხოების კუთხით მთავარი გამოწვევა სპეციალისტების ნაკლებობაა და ამ მიმართულებითაც მიდის მუშაობა დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ჩართულობით.
„კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ამ ეტაპზე ნომერი პირველი პირველ გამოწვევა სპეციალისტების მომზადებაა. ეს სპეციალობა მოთხოვნადი გახდა. იმიტომ, რომ კანონმდებლობამ ორგანიზაციები დაავალდებულა, რომ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები იყოლიონ. ამ მიმართულებით მიდის მუშაობა, დონორი ორგანიზაციებიც გვეხმარებიან და სახელმწიფოს ნებაცაა, რომ ამ მიმართულებით მეტი სპეციალისტი მომზადდეს“, – აცხადებს ლადო სვანაძე.