ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, დსთ-სა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირთან (ЕАЭС) ითანამშრომლებს.
როგორც ლუკაშენკომ ტელერადიოკომპანია Мир 24-თან ინტერვიუში განაცხადა, სანქციების მიუხედავად, ზოგიერთი რესპუბლიკა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.
„ჩვენ ყველა კვლავ ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი მთავარი ენა — რუსული, რომელზეც ვსაუბრობთ. და ეს მშვენიერია, ჩვენ არ გვჭირდება მთარგმნელები. გლეხებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა, მუშებს შეუძლიათ კომუნიკაცია, ინტელიგენციას. ქვეყნების ხელმძღვანელობაზეც კი არ ვსაუბრობ. კულტურაში ბევრი საერთო გვაქვს. უფრო მეტიც, თუნდაც ეს არ იყოს საერთო კულტურა, ჩვენ ვიცით სხვა ქვეყნების კულტურა“, — განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა უნდა განავითაროს საკუთარი და დაიპყროს სხვა ბაზრები.
„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში. და გარკვეულწილად დსთ-ს ფარგლებში, სადაც ვინარჩუნებთ თავისუფალი ვაჭრობის ზონას. რა თქმა უნდა, გვენანება ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, მაგრამ ყველაზე მეტად სამწუხაროა, რომ უკრაინაში ასეთი არეულობაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკრაინელებმა სცადეს ნატოსა და ევროკავშირში შესვლა. მოვა გონიერი ხალხი, ისინი ჩვენი კავშირისგან განცალკევებას არ ეცდებიან. ვფიქრობ, უკრაინა ჩვენთან იქნება.
შეხედეთ საქართველოს, რა მოხდა. დღეს ისინი ყიდიან არა მარტო ღვინოს ჩვენს ბაზარზე, არამედ სხვა პროდუქტებსაც, რაც სხვაგან ვერსად წაიღეს. არც ევროკავშირმა იყიდა, არც ამერიკამ, მათ საკუთარი პროდუქციაც საკმარისი აქვთ. სად წავიდნენ? — ჩვენთან, რუსეთში… მაგრამ ჩვენ ადრეც ვთანამშრომლობდით საქართველოსთან. ეს არის გზა, რომელსაც უკრაინაც გაივლის. მაგრამ გვჭირდება ეს რთული გზა? არა. გამოცდილება გვკარნახობს, რომ უკრაინის ჩვენთან დაბრუნების უფრო მარტივი გზებიც არსებობს“, — განაცხადა ლუკაშენკომ.
