ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტინფო საქართველოს მონაცემზე დაყრდნობით, საფინანსო ანალიტიკური სიტუაცია განიხილა. მათი ინფორმაციით, საქართველოში, თითქმის 1.9 მილიონ თანამოქალაქეს მინიმუმ ერთი სესხი მაინც აქვს.
„ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება. დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს. ანუ მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური კრედიტი მაინც, ზოგს რამდენიმეც. ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებშ–ი. ფიზიკური პირების ჯამური, პრობლემური დავალიანება 2.7 მილიარდ ლარზე მეტია.
თუ ტენდენციას დავაკვირდებით, წლიდან წლამდე პრობლემური სესხების და ჭარბვალიანი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 20% ე.წ. „შავ სიაშია“, – ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ მიმოხილვაში.
„საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ 370 000 მსესხებელს შორის, ბანკების წილი უმნიშვნელოა და ეს რიცხვი ძირითადად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ლომბარდების სესხებს მოიცავს. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ე.წ „შავი სიის“ პორტფელი მათი მთლიანი პროცენტის უმნიშვნელო, დაახლოებით 2%-იანი ნაწილია.
„შავ სიაში“ მყოფი“ 370 000 კაციდან, აბსოლუტური უმრავლესობა არასაბანკო დაწესებულებებზე მოდის, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებზე და ლომბარდებზე. სესხის ამომღებ კომპანიებში „შავი სიის“ რაოდენობის ზრდა გამოიწვია, ჩამოწერილმა სესხებმა, მათ შორის, ე.წ ონლაინ სესხების კომპანიების გაუქმებამ.
ბანკების წილი „შავ სიაში“ მყოფი მოსახლეობის რაოდენობის ზრდაში უფრო ნაკლებია, ვიდრე არასაბანკო დაწესებულებების; ბანკების შემთხვევაში ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი მათი მთლიანი პორტფელის დაახლოებით 2%-ია, რაც სტანდარტს არ სცდება. სიტუაციას ის ართულებს, რომ „კრედიტინფო“ უკვე აღწერს არა მხოლოდ ბანკების მონაცემებს, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მონაცემებსაც, ასევე სალიზინგო და ლომბარდის კომპანიების მონაცემებს და საბოლოო ჯამში, ეს საერთო რიცხვი მიიღება, რომელიც საკმაოდ მაღალია.
მსესხებლების რაოდენობა რომ დიდია, ეს მაინცდამაინც ცუდი არ არის, მაგრამ ის, რომ „უიმედო სესხების“ რაოდენობაა დიდი, ეს მთლიანად საფინანსო სექტორისთვის საკმაოდ საგანგაშო მონაცემია“,- თქვა გიორგი კეპულაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
