მარტში ინფლაცია დაჩქარდა-ფასების წლიურ ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 6.6%-ით მატებამ განაპირობა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.2 პროცენტული პუნქტით აისახა.
გაძვირდა ბოსტნეული, ყავა, ჩაი, უალკოჰოლო სასმელები. ეკონომისტები ამბობენ, რომ გასულ თვეში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა პურისა და პურ პროდუქტების გაძვირებას ჰქონდა.
პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნესმა 1 წლის წინ ფასებს მთავრობასთან შეთანხმებით გადახედა. მალხაზ დოლიძის თქმით, სექტორის წარმომადგენლებმა მაშინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას თხოვნა გაითვალისწინეს და პროდუქციის ფასი დააკორექტირეს. მინისტრის ცვლილების შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე ფქვილი გაძვირდა და ბიზნესს დახლზე პურის ფასის შენარჩუნება გაუჭირდა.
“თუ ფქვილის ღირებულება 52 ლარის ფარგლებშია, მაშინ ფასის შენარჩუნების საკითხი იდგა. ჩვენ შეგვეძლო ფასი შეგვენარჩუნებინა. დღეს ბოლო პერიოდში ფქვილის ფასების ზრდის ტენდენციაა. საქართველოში დამზადებული ერთი ტომარა ფქვილი, რომელსაც უშვებს წისქვილ კომბინატი 57 ლარია. ასეთ ფარგლებში ჩვენ იძულებული ვიყავით დავბრუნებოდით ძველ ფასებს. მე შეგახსენებთ, როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი იყო იმ პერიოდში მთელი რიგი ღონისძიებები იყო ჩატარებული, ფასები იყო გაზრდილი და ეს მოაწესრიგეს.
მაშინ პურიც 10 თეთრით შემცირდა. დღეს ფქვილის ფასი 57 ლარის ფარგლებშია. ის დროებითი გადასახადი, რომელიც იყო დაწესებული რუსული ფქვილის იმპორტზე და გვაძლევდა საშუალებას, რომ რუსული ფქვილი შეგვესყიდა და შეგვერია, რომ სტაბილური ხასიათის პროდუქცია გვქონოდა, დღეს ამასაც მოკლებული ვართ, იმიტომ რომ ფასი რაც იყო საიმპორტო გადასახადი 12.5 ლარი ამანაც მოიმატა,”- აცხადებს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე.
