საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის ოპტიმალურ გზებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, “კავკასიური სახლის“ თავმჯდომარეს ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, 1989 წლის 9 აპრილმა მყისიერად შეცვალა „საბჭოთა საქართველოში“ მცხოვრები ხალხის უმეტესობის პოლიტიკური განწყობები. მას შემდეგ 36 წელი კი გავიდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოების უმეტესობა ვერ ახერხებს 9 აპრილის ტრაგიკულ დღეს გაერთიანებას.
არადა, საუბარია იმ დღეზე, რომელიც გარდა იმისა, რომ დიდი ტრაგედიის დღეა, ასევე არის დღე, როცა საქართველომ თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
ვნახეთ, რომ წლევანდელ 9 აპრილს საზოგადოება შეეცადა 9 აპრილის ძეგლთან არ მიეშვა ხელისუფლების წარმომადგენლები. ვნახეთ, რომ სხვადასხვა დონის საჯარო მოხელლეებსაც შეექმნათ ძეგლთან მისვლის პრობლემები.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ასეთი დაპირისპირების ვითარებაში 2025 წლის 9 აპრილის აღნიშვნამ?
– ჩვენს საზოგადოებას თითქმის აღარაფერი აერთიანებს, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებს თითქმის აღარაფერი აქვთ საერთო, ხალხი ორ პარალელურ, გადამტერებულ ჯგუფად არის გაყოფილი. ეროვნული ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღიც კი ვეღარ ხდება რამდენიმესაათიანი დაზავების წინაპირობა.
ჩვენს საზოგადოებას თითქმის აღარაფერი აერთიანებს, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებს თითქმის აღარაფერი აქვთ საერთო, ხალხი ორ პარალელურ, გადამტერებულ ჯგუფად არის გაყოფილი. ეროვნული ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღიც კი ვეღარ ხდება რამდენიმესაათიანი დაზავების წინაპირობა
წარმოუდგენლად რთულ ამოცანად იქცა საქართველოს წარსულიდან თუ თანამედროვეობიდან ისეთი მოვლენის, ფაქტის ამორჩევა, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით, რომელიც უდიდეს უმრავლესობას ერთნაირ ემოციებს აღუძრავს.
ასეთ დროს იწყება ხოლმე სამოქალაქო კონფლიქტები.
თუმცა, შიდა ბრძოლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აშშ-ის სამოქალაქო ომმა ბოლო მოუღო მონობას, ათობით ათას ადამიანს მოუტანა თავისუფლება, უოლტ უიტმენს ლინკოლნისადმი მიძღვნილი ლექსი დააწერინა.
საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დაპირისპირებას კი ტრაგიკომიკური ხასიათი აქვს და ქუჩაში უაზრო შეხლა-შემოხლის, დაუსრულებელი ვერბალური ჯანყის ფორმით არსებობს, შეზავებულია ხელისუფლების პერიოდულ სისასტიკესა და დაუნდობლობასთან, ცინიზმთან.
საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დაპირისპირებას კი ტრაგიკომიკური ხასიათი აქვს და ქუჩაში უაზრო შეხლა-შემოხლის, დაუსრულებელი ვერბალური ჯანყის ფორმით არსებობს, შეზავებულია ხელისუფლების პერიოდულ სისასტიკესა და დაუნდობლობასთან, ცინიზმთან
9 აპრილს დაღუპულთა სულები არ იმსახურებენ იმ იაფფასიან წარმოდგენას, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის მთავარ მემორიალთან დადგეს. ხმაური და ჩხუბი, თმის შეჭრისა და თავზე ნაცრის დაყრის მდაბიო პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა, პროვოკატორთა არმიის შემოსევები არ უნდა იყოს მთავარი საკითხები, რომელთაც ეროვნული ერთიანობის დღეს განვიხილავთ.
გონიერი, კეთილშობილი ხელისუფლება დათმობაზე წავიდოდა, თავს შეიკავებდა აყალ-მაყალის წახალისებისგან, ვაკის სასაფლაოზე თამარ დოლიძის საფლავს მოძებნიდა, საბურთალოზე მზია ჯინჭარაძის, ყვავილებით შეამკობდა მათ, 9 აპრილის მსხვერპლთა ცხოვრებას, ბიოგრაფიას, ნატვრებსა და ოცნებებს შეახსენებდა საზოგადოებას.
არავის არ გააგზავნიდა რუსთაველზე. ამგვარად ისინი თავმდაბალ, თავშეკავებულ ადამიანებად წარმოჩნდებოდნენ, რომლებიც სიღრმისეულად ინტერესდებიან საკითხით და უფრთხილდებიან რუსთაველზე ჩახოცილთა ხსოვნას. ცხადია, „ქართული ოცნება“ საპირისპიროდ მოიქცა და ტრაგიკულ დღესაც კი ცეცხლზე ნავთი დაასხა.
2009 წლის 9 აპრილს, ნახევარი საათით მიხეილ სააკაშვილმა და მაშინდელი ოპოზიციის ლიდერმა – ლევან გაჩეჩილაძემაც კი მოახერხეს ურთიერთთავდასხმებისგან თავშეკავება, რათა ერთად დასწრებოდნენ პანაშვიდს.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნახევრად ველური მმართველი კლასის პოლიტიკური კულტურა გააუარესა. 2009 წლის დონეც კი სანატრელი გვაქვს.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნახევრად ველური მმართველი კლასის პოლიტიკური კულტურა გააუარესა. 2009 წლის დონეც კი სანატრელი გვაქვს
– თუ 1989 წლის 9 აპრილამდე საქართველოს დამოუკიდებლობას პოლიტიკურად აქტიური ხალხის საკმაოდ მცირე ნაწილი მოითხოვდა, 10 აპრილს „საბჭოთა საქართველომ“ აბსოლუტურად სხვა განწყობით გაიღვიძა.
სულ რაღაც რამდენიმე თვეში „საბჭოთა საქართველოს“ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა თვლიდა, რომ საქართველო „საბჭოთა რუსული იმპერიიდან უნდა გამოსულიყო“.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელმაც საზოგადოების დიდ ნაწილში დიდი უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია. პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ 2025 წლის საქართველო, სულ უფრო მეტად ემსგავსება 1989 წლის 9 აპრილამდელ საქართველოს.
როცა ქვეყნის ხელისუფლება 9 აპრილზე საუბრისას გაკვრითაც არ ახსენებს რუსეთს,
და 9 აპრილის ტრაგედიის მიზეზად 4 ჯერ „უცხო ძალას“ ასახელებს, გასაკვირიც არაა, რომ ამ განცხადებებმა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა.
ოქტომბრის ბოლოს დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა ცხადად აჩვენა, რომ პოლიტიკური პროცესი ქუჩაშია გადმოსული, პროტესტანტებთან დიალოგის ფორმატი იმის გამო არ არსებობს რომ მათ ხელისუფლება „აგენტებს“ ეძახის, რომელთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება უპრობლემოდ შეიძლება.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ 2025 წლის საქართველო ქვეყნის ხელისუფლების რიტორიკის გამო 1989 წლის 9 აპრილამდელ „საბჭოთა საქართველოს“ ემსგავსება?
– სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილს პოლიტიკური მგრძნობელობა დაბლაგვებული და დაჩლუნგებული აქვს. ხალხის ნაწილმა საერთოდ ვერ შეამჩნია ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის, მათი მიმდევრების სრულიად სკანდალური და შემაძრწუნებელი განცხადებები 9 აპრილთან დაკავშირებით.
ფაქტია, 1989 წლის აპრილში რუსმა ჯარისკაცებმა გაგუდეს, დაჩეხეს და დახოცეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანები. რუსეთის არმიის, საბჭოთა ჯარების დანაშაული მკაფიოა. აქამდე გვეგონა, რომ 9 აპრილის ტრაგედიაში რუსეთის პასუხისმგებლობას ვერავინ ვერასდროს მიჩქმალავდა, მაგრამ შეუძლებელი, წარმოუდგენელი სცენარი უკვე გათამაშდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული პირი ცდილობს გადამალოს რუსი ჯარისკაცების წვლილი რუსთაველის გამზირზე მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაში.
რუსეთის არმიის, საბჭოთა ჯარების დანაშაული მკაფიოა. აქამდე გვეგონა, რომ 9 აპრილის ტრაგედიაში რუსეთის პასუხისმგებლობას ვერავინ ვერასდროს მიჩქმალავდა, მაგრამ შეუძლებელი, წარმოუდგენელი სცენარი უკვე გათამაშდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული პირი ცდილობს გადამალოს რუსი ჯარისკაცების წვლილი რუსთაველის გამზირზე მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაში
ვიქტორ ორბანსაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს პუტინთან, მაგრამ არასდროს იტყვის, რომ 1956 წლის უნგრული აჯანყება „დიფ სტეიტმა“ და უცხოურმა ძალამ ჩაახშოო.
ეროვნულ ღირსებას არცერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი არ თელავს ფეხქვეშ. ჩეხეთსაც ჰყოლია ევროსკეპტიკოსი პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, არც მათ გადაუსინჯავთ „პრაღის გაზაფხულის“ სისხლში ჩახშობის საქმეში რუსეთის მონაწილეობის საკითხი.
საუბედუროდ, მხოლოდ ისტორიის გადაწერასთან არ გვაქვს საქმე. კობახიძისა და პაპუაშვილის განცხადებები თანამედროვეობასაც უკავშირდება. მათ სურთ, ტოლობის ნიშნის დასმა გალესილი ნიჩბებით შეიარაღებულ ჯარისკაცებსა და თბილისში ევროკავშირის დროშით გამოსულ პროტესტანტებს შორის, თითქოს მკვლელებიც და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის მებრძოლი ახალგაზრდებიც თანაბარი ვნებით იბრძვიან ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
ყველაზე დიდი ტრაგედია კი მაინც ის გახლავთ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საბოლოოდ დაემსგავსნენ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლებს, ისინიც ერთგვარ პოლიტიკურ სექტად გარდაიქმნენ. პოლიტიკური სექტის წევრებს ახასიათებთ ლიდერთა განცხადების კრიტიკის გარეშე გაზიარება, სრული მორჩილება, პროპაგანდის ტყვეობაში ნეტარება, სიამოვნების მიღება, აგრესია და შეუწყნარებლობა მოწინააღმდეგეთა მიმართ
სიმართლე გითხრათ, თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამ სუბიექტების განცხადებებს გავეცანი. მათი ლოგიკის მიხედვით, რა გამოდის? რუსეთის არმიის ჯარისკაცები, რომლებმაც ჩაცხრილეს, დახვრიტეს, გაგუდეს და გაჭყლიტეს პატარა გოგო-ბიჭები, და საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილენი ერთნაირი დაუნდობლობით ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას?! თანაბარ ზომად დანაშაულს ჩადიან?! ერთი და იგივენი არიან?!
ყველაზე დიდი ტრაგედია კი მაინც ის გახლავთ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საბოლოოდ დაემსგავსნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს, ისინიც ერთგვარ პოლიტიკურ სექტად გარდაიქმნენ. პოლიტიკური სექტის წევრებს ახასიათებთ ლიდერთა განცხადების კრიტიკის გარეშე გაზიარება, სრული მორჩილება, პროპაგანდის ტყვეობაში ნეტარება, სიამოვნების მიღება, აგრესია და შეუწყნარებლობა მოწინააღმდეგეთა მიმართ.
2025 წლის საქართველო ხელისუფლების რიტორიკის გამო 1989 წლის 9 აპრილამდელ „საბჭოთა საქართველოს“ იმიტომ ემსგავსება, რომ „ქართულ ოცნების“ განზრახვაა, ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება 21-ე საუკუნის საქართველოში
რაც მთავარია, ისინი არ აღიარებენ ფაქტებს, უარყოფენ უტყუარ მტკიცებულებებს, თუ ეს პოლიტიკურ სექტას დასჭირდა.
2025 წლის საქართველო ხელისუფლების რიტორიკის გამო 1989 წლის 9 აპრილამდელ „საბჭოთა საქართველოს“ იმიტომ ემსგავსება, რომ „ქართულ ოცნების“ განზრახვაა, 21-ე საუკუნეში ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება.
– სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციის უმეტესობა ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ მკაფიოდ დგამს ნაბიჯებს ქვეყანაში ავტოკრატიული, პოლიციური რეჟიმის ჩამოსაყალიბებლად.
ისეთი კანონები იქნა მიღებული, ვინც კანონმდებლობაში ერკვევა, ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მათთან განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკური ჯგუფებისაგან პოლიტიკური ველის მოსუფთავება და ამის შემდეგ პოლიტიკურ ველზე მისთვის მისაღები პოლიტიკური ჯგუფების შემოყვანა სურს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ პრემიერის განცხადებას? ხოლო მეორე მხრივ „ქართული ოცნების“ იმ საკანონმდებლო საქმიანობას, რომლითაც ქვეყანა უფრო ბელორუსს, ან აზიის ქვეყნებს ემსგავსება?
– „ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება – მათი ამოცანაა ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება. ისინი მუდამ ასე იქცეოდნენ. თანამედროვე მომენტს წარსულისგან მხოლოდ ის გამოარჩევს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილის დაჯგუფება აბსოლუტურ ძალაუფლებას ესწრაფვის.
ოლიგარქი და მისი ქვეშევრდომები აშენებენ პოლიტიკურ სისტემას, სადაც ყველას და ყველაფერს ერთი პარტია ნიშნავს. თუ ასე გაგრძელდა, მალე ჩვენ მივიღებთ რეალობას, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებსაც, ეპისკოპოსებსაც და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დამლაგებლებსაც ერთი ცენტრიდან დანიშნავენ.
ირაკლი კობახიძისთვის მშვიდობა, თავისუფლება და სიძულვილის დამარცხება ნიშნავს საზოგადოების სრულ გაერთგვაროვნებასა და დამორჩილებას, ამ იდეის ნებისმიერი მოწინააღმდეგე კუდიანად მოინათლება და პოლიტიკურ კოცონზე დაიწვება.
„ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება – მათი ამოცანაა ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება. ისინი მუდამ ასე იქცეოდნენ. თანამედროვე მომენტს წარსულისგან მხოლოდ ის გამოარჩევს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილის დაჯგუფება აბსოლუტურ ძალაუფლებას ესწრაფვის
ერთი სიტყვით, „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას საზოგადოება, რომელიც გააერთიანებს მხოლოდ სახელმწიფო აპარატში დასაქმებულ ლოიალურ კადრებს, სამართალდამცველებს, რომლებიც კანონის ნაცვლად უკანონო ბრძანებებს დაემორჩილებიან, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესს და მიგრანტებს.
ვინც ვერც ერთ ამ კატეგორიაში ვერ მოიაზრებს საკუთარ თავს, ის ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ასეთი სახელმწიფო უპრობლემოდ შეძლებს უღიმღამო, უფერული, რუხი კორიდორისა და ოფშორული ზონის მსგავსი წარმონაქმნის ფუნქციის შესრულებას ყველაზე ბინძური გლობალური კაპიტალისთვის. აი, ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნებაც, სუვერენიტეტის იდეაც და „აღმაშენებლის საქართველოც“.
ბელორუსი და აზიური ქვეყნები გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ამოცანებს უსახავენ თავიანთ სახელმწიფოებს, გაცილებით უფრო ამბიციურნი არიან და გაცილებით მეტი ადამიანისთვის მოაქვთ სარგებელი, ვიდრე ამას „ქართული ოცნება“ ახერხებს.
ბელორუსი და აზიური ქვეყნები გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ამოცანებს უსახავენ თავიანთ სახელმწიფოებს, გაცილებით უფრო ამბიციურნი არიან და გაცილებით მეტი ადამიანისთვის მოაქვთ სარგებელი, ვიდრე ამას „ქართული ოცნება“ ახერხებს
– „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა რომ ბევრ კითხვებს აჩენს, ფაქტია. ჯერ იყო „ოცნება“ ამბობდა, რომ აშშ-ში ტრამპი რომ გაიმარჯვებს, ყველაფერი დალაგდებაო. გვახსოვს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებაც – „ტრამპი როგორც იტყვის, ისე იქნებაო“.
მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა წერილობით უპასუხა საქართველოზე დასმულ კითხვას, მანამდე კი აშშ-მ სანქციები დაუწესა ქართველ პოლიტიკოსებს და იმათ, ვინც მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, ცხადია გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებას ვერ ახერხებს.
რადგან ევროსტრუქტურებთან და აშშ-თან მთლად კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, ვცდილობთ ახლო მეზობლებთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას.
ბევრი „ქართული ოცნების“ ამგვარ საგარეო პოლიტიკას იზოლაციონიზმად, ეს უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში საგარეო კურსის ცვლილებად და რუსეთისაკენ შემობრუნებად აფასებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას?
– „ქართული ოცნება“ ატარებს იმგვარ საგარეო პოლიტიკას, რომელიც იწვევს რუსეთის სენატის წევრთა, პროპაგანდისტული გადაცემების წამყვანთა, პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთა აღფრთოვანებას. ივანიშვილისა და კობახიძის საგარეო პოლიტიკურ ხედვებს გააფთრებით იცავს ჩვენი სამეზობლოს არაერთი ავტორიტარი ლიდერი, მაგალითად დინასტიური დიქტატურის მესაძირკვლე – ილჰამ ალიევი. პარალელურად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ტელეფონზეც კი ვერ ელაპარაკება ვერც ერთ დასავლელ ლიდერს.
„ქართული ოცნება“ ატარებს იმგვარ საგარეო პოლიტიკას, რომელიც იწვევს რუსეთის სენატის წევრთა, პროპაგანდისტული გადაცემების წამყვანთა, პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთა აღფრთოვანებას
ერთი კვირის წინ საქართველოს უდიდესი მეგობარი, გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახლდათ ჩამოსული სამხრეთ კავკასიაში. ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკებები გამართა ბაქოსა და ერევანში, საქართველოსკენ არც კი გამოუხედავს.
რა შეიძლება ვუწოდოთ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც ამგვარი სიმპტომები აქვს? ეს არ არის იზოლაციონიზმი. „ქართული ოცნება“ იზოლირებულია მხოლოდ დემოკრატიული სამყაროსგან.
სამაგიეროდ, ცდილობს საერთო ენა გამონახოს საქართველოსთან ახლოს მდებარე ყველა ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან. რუსეთი, ირანი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი მისი მთავარი სამიზნე აუდიტორიაა. ერთი სიტყვით, ოლიგარქ ივანიშვილის ამოცანაა თავი დაიმკვიდროს ავტორიტარული ქვეყნების კლუბში და მხოლოდ ეკონომიკური, სატრანზიტო საკითხების გადაწყვეტის მიზნით ჰქონდეს კავშირი დასავლეთთან.
ოლიგარქ ივანიშვილის ამოცანაა თავი დაიმკვიდროს ავტორიტარული ქვეყნების კლუბში და მხოლოდ ეკონომიკური, სატრანზიტო საკითხების გადაწყვეტის მიზნით ჰქონდეს კავშირი დასავლეთთან
პატარა, რესურსების არმქონე, კონფლიქტებით დასერილ ქვეყანას გაუჭირდება ავტორიტარული სახელმწიფოების კლუბში დამოუკიდებელი როლის შესრულება. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა გვწირავს იმგვარი ვასალობისთვის, სადაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ილუზიაც კი არ გვექნება.
– თქვენი პასუხებით თუ ვიმსჯელებთ, არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში საქმე არც კარგად გვაქვს და არც მარტივად.
ამ პრობლემებზე ოპოზიცია თითქოს კი რეაგირებს, მაგრამ, 4 თვეა პოლიტიკური პროცესის წარმმართველი არა ოპოზიცია, არამედ პოლიტიკურად აქტიური სამოქალაქო სექტორი და საზოგადოებაა.
რამდენად ადეკვატურად აფასებს ოპოზიციური ოთხეული „ქართული ოცნების“ საშინაო და საგარეო პოლიტიკას?
– ქართველი ოპოზიციონერები ძალიან ჩამორჩენილი ადამიანები არიან, მათ კონფლიქტი აქვთ კალენდართან, ვერ გრძნობენ, რომ 2000-იანი წლების მეთოდები და სტრატეგიები მოძველდა. აღარაფერს ვამბობ, ოპოზიციონერთა რეპუტაციაზე, ისინი ხელისუფლებაში ყოფნისას ხომ იმავეს აკეთებდნენ… სხვა სტილითა და ხელწერით, მაგრამ ისინიც ავტორიტარიზმს აშენებდნენ და ქმნიდნენ. არსებული ოპოზიციის პირობებში საქართველოს სახელმწიფო განწირულია. მათ მხოლოდ საკუთარი ამბიციების გამო საერთო საქმეების ჩაშლის ძალა შესწევთ. ქართველ ოპოზიციონერებს არავინ აღარ უსმენს, შალვა რამიშვილის კორპორაციის თანამშრომელთა გარდა.
თქვენ სწორად აღნიშნეთ, მათ ორგანიზაციული რესურსიც კი ამოწურული აქვთ. პირველი არხის წინ შეკრებილი აქტივისტები, მაგალითად, გოჩა ჭანტურია და თაკო ხელაძე ათასჯერ უფრო დიდ საქმეს აკეთებენ, ათასჯერ უფრო დიდი გავლენა აქვთ, ვიდრე ოთხივე ოპოზიციური პარტიის ლიდერს ერთად აღებულს.
ერთადერთი ფიგურა, რომელიც ადეკვატურად აღიქვამს და აფასებს რეალობას პრეზიდენტი ზურაბიშვილია. მისი მიზანია, რომ ზაფხულამდე რამდენიმე სერიოზული, მრავალრიცხოვანი, გამაერთიანებელი დემონსტრაცია დაგეგმოს და ორი-სამი მტკივნეული დარტყმა მაინც მიაყენოს ოლიგარქიულ სისტემას. პარალელურად კი, ძალასა და ენერგიას არ ზოგავს, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლი მოქალაქეების ხმა გაიტანოს.
საქართველოში დასავლეთ ევროპულ პოლიტიკურ დღის წესრიგს კარგად არ იცნობენ. 6 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღე გახლდათ საფრანგეთის მიმდინარე პოლიტიკისთვის. კორუფციის ბრალდების გამო საპრეზიდენტო კამპანიისგან გამოთიშულმა მარი ლე პენმა თავის მხარდამჭერებს მოუხმო ქუჩაში. დემოკრატიულმა პარტიებმა კორუფციისა და ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ კონტრდემონსტრაციები მოიწვიეს. სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი ამ საბედისწერო მომენტში გამართული თავყრილობისა, რომელიც საფრანგეთის მმართველი პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. მოკლედ, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საკითხი მხოლოდ დიპლომატებთან და საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულ წრეებთან კი არ მიაქვს. პრეზიდენტი შრომობს იმისთვის, რომ ჩვენი დემოკრატიული ბრძოლა ევროპული ქვეყნების შიდა პოლიტიკის განხილვის საგნად იქცეს. ამის მეასედს რომ აკეთებდნენ ოპოზიციონერები, ოდნავ უფრო წინ ვიქნებოდით ჩვენს ბრძოლაში.
– თქვენი დაკვირვებით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესი ოპონენტებს შორის არა მონოლოგის, არამედ დიალოგისა და ოპონირების რეჟიმზე გადავიდეს?
– პოლიტიკური ოპონირების ნორმალურ რეჟიმზე გადასასვლელად რთულ და სერიოზულ საკითხებზე მსჯელობის დაწყებაა აუცილებელი.
ბოლო ერთი თვეა ჭიათურელები ქუჩაში არიან გამოსულნი და შიშველი ხელებით იბრძვიან ელემენტარულისთვის. რაიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე ცხოვრობს. ათასობით მუშა ვერ იღებს ხელფასს, მათი ოჯახები ვერ ახერხებენ სხვადახვა საფინანსო დაწესებულების ვალების გადახდას, კაბალური ჯარიმები და საურავები კიდევ უფრო ამძიმებს ღარიბ მშრომელთა მდგომარეობას, საუბნო სასურსათო მაღაზიებში „ნისიის რვეულები“ გადავსებულია, ზემო იმერელი პენსიონერები ვეღარ ყიდულობენ აუცილებელ მედიკამენტებს.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მანგანუმის მომპოვებელი კომპანია დაუნდობლად აბინძურებს, წამლავს ჭიათურის ჰაერს, ნიადაგს, წყალს. საწარმოო სამუშაოების შედეგად ნადგურდება სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ტყეები.
პოლიტიკური ოპონირების ნორმალურ რეჟიმზე გადასასვლელად რთულ და სერიოზულ საკითხებზე მსჯელობის დაწყებაა აუცილებელი
რა პასუხი აქვს ჩვენს პოლიტიკურ კლასს ჭიათურელებისთვის? „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი შეზღუდული აზროვნების მქონე ვექილის ლოგიკით აცხადებს, რომ კერძო დავაში ვერ ჩაერევა. რაიონის ყოფნა-არყოფნის საკითხი მხოლოდ კერძო დავა ყოფილა და თურმე, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს სოციალურ უსამართლობაში ყელამდე ჩაძირული მუნიციპალიტეტის გადარჩენის საქმეში.
ხელისუფლების მოწინააღმდეგეები კი გატანჯულ ჭიათურელებს პოლიტკორექტულობის უმკაცრესი კრიტერიუმებით ზომავენ, სასოწარკვეთილ ადამიანებს დახმარების მიღებას ამადლიან და პრაქტიკულად, ისინიც განადგურებისთვის სწირავენ მაღაროელთა ქალაქს.
სერიოზულად არავინ ფიქრობს მანგანუმის ინდუსტრიის მომავალზე, პოლიტიკურ კლასს არ აქვს იდეები დარგის მოწესრიგების შესახებ. სიღრმეში შესვლა მათ არ შეუძლიათ. ასეთ ვითარებაში ნორმალური, საინტერესო, გამოსავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ოპონირება შეუძლებელია.
თუნდაც ე.წ. რძის სკანდალი განვიხილოთ. მთელი დისკუსია ლაშა პაპაშვილის პიროვნების განხილვას დაეთმო. სინამდვილეში, მისი პიროვნების, ღირებულებების შესახებ ისედაც ყველაფერი ცხადია და ბევრი არაფერია სასაუბრო.
ნორმალური, შინაარსზე ორიენტირებული პოლიტიკოსები დასვამდნენ შეკითხვას, როგორ კონტროლდება პაპაშვილის საწარმო, რამდენად პატიოსნად იხდის იგი გადასახადებს, როგორ მოახერხა აგრარული სესხებისა და „აწარმოე საქართველოს“ გრანტების მიღება ადამიანმა, რომელსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა არ სჭირდება.
არავინ იკითხა, ვის ხელშია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიების უმრავლესობა? რატომ ატარებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ექსპერტიზას კერძო, მოგებაზე ორიენტირებული, ბიზნესად ქცეული ლაბორატორია? რა არის ამ დარგში შესაცვლელი მომხმარებელთა უფლებების დასაცავად?
არავინ იკითხა, ვის ხელშია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიების უმრავლესობა? რატომ ატარებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ექსპერტიზას კერძო, მოგებაზე ორიენტირებული, ბიზნესად ქცეული ლაბორატორია? რა არის ამ დარგში შესაცვლელი მომხმარებელთა უფლებების დასაცავად?
თუ ამ კითხვებს კვალიფიციური პასუხები არ გაეცა, ლაშა პაპაშვილი კვლავ პირჯვრისწერით გვეტყვის, რომ ძროხებს საკვებად აძლევდა ექსკრემენტებს, ძროხები დაავადდნენ, ეს ძროხები დაკლეს და ხორცი ჩვენ მოგვყიდეს, მოწამლული რძით დამზადებული ნამცხვრები კი სადღესასწაულო სუფრებზე ჩამოგვარიგებინეს.
ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დიალოგს კვალიფიკაცია და სერიოზულობა სჭირდება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
