„არ არის გამორიცხული, რომ ამ ორ სახელმწიფოს [აშშ-სა და ჩინეთს] შორის მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი ცივი ომის კერები გაჩნდეს“ – გიორგი ლაბაძე

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ოფიციალურად ამოქმედდა. საპასუხო ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ -ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ ტარიფები 125%-მდე გაზარდა. ს გადაწყვეტილებით, ევროკავშირს 20%-იანი ტარიფები დაუწესდა.
„ჩინეთის მიერ მსოფლიო ბაზრების მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობის გამო, ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი იზრდება 125%-მდე, რომელიც ძალაში შედის დაუყოვნებლივ. რაღაც მომენტში, იმედია, უახლოეს მომავალში, ჩინეთი გააცნობიერებს, რომ აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძარცვის დღეები აღარ არის მდგრადი ან მისაღები“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ტარიფების ამოქმედებით ტრამპი კმაყოფილია, ამაზე მისი განცხადებები მეტყველებს. ,,ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან, შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან, ბატონო, გთხოვთ, შეთანხმება დავდოთ.”- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესის ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტის შეხვედრაზე.
რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ტრამპის ამ განცხადებას და როგორ შეფასდება ის სავაჭრო პარტნიორების მხრიდან? საკითხზე ,,კომერსანტი” ამერიკისმცოდნეობის დოქტორს გიორგი ლაბაძეს ესაუბრა. მისი შეფასებით, ტრამპის ეს განცხადება გასაკვირი არ არის, რადგან ეს მისთვის დამახასიათებელი ქმედებაა. გიორგი ლაბაძე მიიჩნევს, რომ განცხადება შიდა აუდიტორიაზე, ელექტორატზე არის გათვლილი. რაც შეეხება საერთაშორისო ლიდერებს, მათთვის კარგად არის ცნობილი ტრამპის პიროვნება და ისინი ამ განცხადებას დიდ ყურადღებას არ მიაქცევენ.
,,ეს ტრამპის იმიჯური ქცევაა. ის საბოლოო ჯამში, ამას იყენებს იმისთვის, რომ აჩვენოს მაგარი ვინმეა. ამას იყენებს შიდა მოხმარებისთვის, თავისი ელექტორატისთვის. ჩემი შეფასებით, საერთაშორისო ლიდერები (ვინც ამერიკას უყურებს სერიოზულ სავაჭრო პარტნიორს) გააზრებული აქვთ, რომ ასეთ განცხადებებს დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციონ. მაგრამ, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს სასიამოვნოა. ძალიან უსიამოვნოა და შეიძლება, მართლაც მოახდინოს გავლენა კონკრეტულ საკითხებზე. თუმცა, უფრო იქით ვიხრები, რომ საერთაშორისო ლიდერები მოქმედებენ თავისი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, რის გამოც ასეთ პიროვნულ დახასიათებას დიდი ყურადღებას არ მიაქცევენ. ამ განცხადებას რაც შეეხება, ასეთი მესიჯები მის გამოსვლებში ახალი არ არის და არ მგონია, ამან სამომავლო თანამშრომლობის ასპექტზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. სავაჭრო პარტნიორებს შორის დიალოგის გამართვაში ამ განცხადებას არ აღვიქვამ მთავარ დამაბრკოლებელს. საერთაშორისო აქტორებს ესმით რა სახის ფიგურასთან აქვთ საქმე.”- აცხადებს გიორგი ლაბაძე.
ეს განცხადება უფრო პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობებში, რომლებსაც აშშ-თან ისედაც მტრული დამოკიდებულება აქვთ. მათ შორის ლიდერობს ჩინეთი. ამერიკისმცოდნეობის დოქტორი შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში ცივი ომის კერების გაჩენას არ გამორიცხავს. გიორგი ლაბაძე ამბობს, რომ საჭიროა პროცესები დარეგულირდეს და დიპლომატიურ ჭრილში მოექცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური ესკალაციის არ გამორიცხავს.
,,რაც შეეხება ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც ისედაც მტრულად არიან აშშ-ის მიმართ განწყობილი და ეს განცხადება დაემატა, აქ შეიძლება უფრო მეტად გაიჭედოს პროცესი, ვიდრე სხვა შემთხვევებში. ჩინეთის საკითხი არის ცხელი ომის წინა ფაზა და თუ ეს ურთიერთობები არ გადაიზრდება რეგულირებაში და არ მოხდება დიპლომატიით გასწორება, საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი ცივი ომის კერები გაჩნდეს. ეს ნამდვილად საშიში ვითარებაა. ჩინეთს იმ მასშტაბის ტარიფები ჰქონდა ამერიკულ საქონელზე დაწესებული, რომ ამერიკას არ შეეძლო ჩინეთში ვაჭრობა როგორც უნდოდა ისე. ჩემი შეფასებით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამერიკულ ავტომობილზე 30%-იანი ტარიფი იქნება დადებული თუ ვთქვათ 80%-იანი, რადგან მანამდე რა ტარიფიც იყო ისედაც ძალიან ზრდიდა ამერიკული ავტომობილის ფასს. ძალიან ნაკლები იყო ამერიკული ავტომობილების მოხმარება ჩინურ ბაზარზე. ამერიკის მხრიდან გასაგებია, რომ მათ სურთ ტარიფების შემცირება ჩინეთის მხრიდან. ტრამპმა კი თქვა, რომ ამერიკული ბაზარი ყველას უნდა, რაც ასეა, მაგრამ ჩინური ბაზარიც ასევე საინტერესოა. მას საკმაოდ დიდი საშუალო კლასის მომხმარებელი ჰყავს, რის გამოც ამერიკელებს სურთ, რომ იქ რაც შეიძლება მეტი პროდუქცია გაყიდონ. ამერიკას ნამდვილად გააჩნია სავაჭრო დეფიციტები უცხო ქვეყნებთან და მათ შორის ჩინეთთან. განსაკუთრებით ჩინეთის საკითხი აწუხებს ამერიკას. არ არის გამორიცხული პოლიტიკურ ესკალაციაში გადაიზარდოს ეს ყველაფერი.”- აცხადებს გიორგი ლაბაძე.
ტრამპს სურს, რომ ამერიკულმა კორპორაციებმა ჩინეთის ბაზარი დატოვონ და ინვესტიციები შტატებში მიმართონ. პრეზიდენტი მიზნის მიღწევას სწორედ ტარიფების ომის გზით ცდილობს. თუ ტრამპს გეგმა ჩაუვარდება ეს დიდი იმედგაცრუება იქნება მისთვის.
,,თუ ტრამპის ამოცანა – ამერიკულმა წარმოებამ კვლავ გადაინაცვლოს და ინვესტიციები განახორციელოს ამერიკაში და ისინი გამოვიდნენ ჩინეთიდან, ეს თუ არ მოხერხდა ეს იქნება იმედგაცრუება ტრამპისთვის. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური, ეს არის პოლიტიკური დაპირისპირებაც. იმისათვის, რომ ჩინეთი დასუსტდეს ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დიდი ამერიკული ბიზნესები გამოვიდნენ ჩინეთიდან. აქ საუბარია დიდი კორპორაციებზე, როგორიც არის Microsoft და Apple. მათი გამოსვლა იქნება ჩინეთის დასუსტების დასაწყისი, რაც არის ამერიკის ამოცანა, რაც არის სატარიფო ომის მიზანი.”- აცხადებს გიორგი ლაბაძე.