ძაღლების სასტუმრო „ები“ მულტიფუნქციურ სივრცეს ხსნის – ინვესტიცია 70 000 ლარია

ძაღლების სასტუმრო „ები“ ფართოვდება და მულტიფუნქციურ სივრცეს ხსნის, – ამის შესახებ სასტუმროს დამფუძნებელმა, ხათუნა მელიქიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში ისაუბრა.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ახალი სივრცე თბილისის გარეუბანში, 5000 კვ.მ-ზე იქნება გაშენებული და ყველა ტიპის შინაური ცხოველის მომსახურებას შეძლებს. აქამდე თუ სასტუმრო მხოლოდ მცირე ზომის ძაღლებს ემსახურებოდა, ახლა ყველა ტიპის ძაღლთან ერთად კატებს, ფრინველებსა და თევზებსაც კი უმასპინძლებს.
მისივე თქმით, პირველი ეტაპზე, დაახლოებით 1 წელიწადში, მხოლოდ სასტუმრო გაიხსნება. ამის შემდეგ კი ობიექტის მულტიფუნქციურად გადაქცევა და ისეთი მომსახურება დაემატება, როგორიცაა ვეტერინარია, ვეტმაღაზია, წვრთნა და ა.შ.
„სივრცეს ინვესტორის დახმარებით ვხსნით. პროექტის ღირებულება დაახლოებით 70 000 ლარამდეა. მე ვოლიერის წინააღმდეგი ვარ, ამიტომ ჩვენი სასტუმრო განსხვავებული კონცეფციის იქნება. ამასთან, სივრცე ძაღლების, კატების, ფრინველებისა და თევზების მასპინძლობასაც შეძლებს”, – ამბობს ხათუნა მელიქიშვილი.
მისივე ცნობით, ახალ ობიექტში სავარაუდოდ 10-მდე ვეტერინარული ცოდნის მქონე ადამიანი დასაქმდება, რომლებსაც თავად გადაამზადებს და სივრცეში თავს კვალიფიციურ და გამოცდილ კადრებს მოუყრის.
ინფორმაციისთვის, ძაღლების სასტუმრო „ები“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც ბაზარზე სამი წელია ოპერირებს და მომხმარებლებს 10-15 კილომდე ძაღლების დატოვების სერვისს სთავაზობს.