„პარაგლაიდინგი არის მიმართულება, რომელსაც კურორტზე მაღალმხარჯველი ტურისტი შემოჰყავს, თუმცა ბიუროკრატიული პრობლემების გამო სექტორი ვერ აღდგა“ – გეგა სალუქვაძე

„პარაგლაიდინგი არის მიმართულება, რომელსაც კურორტზე მაღალმხარჯველი ტურისტი შემოჰყავს, თუმცა ბიუროკრატიული პრობლემების გამო სექტორი ვერ აღდგა“ – გეგა სალუქვაძე
„პარაგლაიდინგი კურორტისთვის ერთ-ერთი სერიოზული სპორტია, რომელსაც შეძლებული და მაღალმხარჯველი ტურისტების შემოყვანა შეუძლია“ – ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა გეგა სალუქვაძემ ისაუბრა, მისი თქმით მას შემდეგ რაც ეს მიმართულება ქვეყანაში აიკრძალა პროცესები ძალიან გაიწელა. თუმცა ამ პერიოდში მოხერხდა რეგულაციების დამტკიცება, შეიქმნა კანონი, დამტკიცდა საკანონმებლო ბაზა.
„მოგეხსენებათ გუდაურში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, ქვეყანაში პარაგლაიდინგი აიკრძალა, ამ პერიოდში მოხერხდა ის, რომ შეიქმნა კანონი, დამტკიცდა საკანონმდებლო ბაზა, შეიქმნა რეგულაციები, სპორტის სამინისტრომ იმუშავა ამ მიმართულებით, ყველა ეტაპი გავლილია ახლა მიმდინარეობს სტარტებისთვის ბაზების გამოყოფა, რადგან არ შეიძლება ყველა კლდიდან და ფერდიდან გადახტომა.
ამ მიმართულებით ქონების მართვის სააგენტოსთან გარკვეული შეფერხებაა, ბიუროკრატიულ პროცესებში არის ბარიერები და პროცესი იწელება, ამ დროს პარაგლაიდინგი არის ერთ-ერთი სერიოზული სპორტი, რომელსაც შეუძლია მაღალმხარჯველი ტურისტების ქვეყანაში მოზიდვა.
მაგალითად პილოტი, რომელიც დაინტერესებულია ბიზნესით ჩამოდის კურორტზე და ქირაობს საცხოვრებელს, ასევე მოიხმარს კაფე-ბარებს, ტურისტი,რომელიც ჩამოდის კონკრეტულად ამ სპორტისთვის ისიც ასევე სარგებლობს კურორტზე არსებული სხვადასხვა სერვისებით. სხვათა შორის აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები უფრო ამ მიმართულებას ეტანებიან ვიდრე სათხილამუროს, შესაბამისად როცა მათ იციან, რომ საქართველოში ეს მიმართულება არის აკრძალული აღარ ჩამოდიან. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ამდენი ბიუროკრატიებით პროცესი შევაფერხოთ“ – აღნიშნა გეგა სალუქვაძემ.