ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით „მედიის სოლიდარობის მარში“ მიმდინარეობს.
მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ფილარმონიასთან არიან შეკრებილები რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. ფილარმონიასთან მედიის წარმომადგენლებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.
როგორც ჟურნალისტი ვასილ ივანოვ ჩიქოვანი აცხადებს, სიტყვის თავისუფლება არის პროგრესის და დემოკრატიის გარანტი და თუ მას საფრთხე ემუქრება, ე.ი საფრთხე დაემუქრება ყველაფერ დანარჩენს.
“ჩემი შეფასებით, სერიოზული კითხვის ნიშანი დაისმება თუ საქართველოში უმრავლესობა არ ვართ შეთანხმებული სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე, მედიის როლზე, ჯანსაღ კრიტიკაზე, რომელიც მიმართული იქნება მიღწეულის გაუმჯობესებაზე და არა მიღწეულის რეგრესისკენ, რაც რეალურად საქართველოში უკვე გვაქვს. სიტყვის თავისუფლებასა და ჟურნალისტიკური საქმიანობის მიმართულებით ქვეყანაში რეგრესი გვაქვს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს აისახება სხვა სტრატეგიულ ინსტიტუციებზე, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე უნდა მუშაობდნენ. სიტყვის თავისუფლება არის პროგრესის და დემოკრატიის გარანტი, თუ მას საფრთხე ემუქრება, ე.ი საფრთხე დაემუქრება ყველაფერ დანარჩენს”,- აღნიშნა ჟურნალისტმა.
ამასთან, მედიის წარმომადგენლებმა მსვლელობამდე განცხადება გააკეთეს. როგორც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი არ შეწყვეტენ სიმართლის თქმას, უკანონობის მხილებას და კრიტიკას.
“ერთპარტიული პარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის დევნას.
„ქართული ოცნება” იღებს კანონებს, რომელიც არა მხოლოდ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება, არამედ პირდაპირ თავდასხმაა დემოკრატიულ ღირებულებებზე.
კანონები შეზღუდავს საქართველოს მოკავშირე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობას, დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეებს – მათ შორის დამოუკიდებელ მედიას, რომელიც ხალხს სიმართლეს აწვდის.
დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები „ქართული ოცნების” პოლიტიკური ინტერესების მორჩილ ინსტრუმენტებად იქცნენ. თავისუფალი მედია რჩება ერთადერთ სივრცედ, სადაც ხალხის ხმა ისმის და საიდანაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული რეალური ვითარების შესახებ. ჩვენ ვაშუქებთ კორუფციას, კანონდარღვევებს, ძალადობას…
ეს მცდელობა ხელისუფლების ბოლო ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმის დამყარებისკენ, რომელიც ცდილობს გააქროს ნებისმიერი კრიტიკული აზრი. ევროპული გზის ნაცვლად, მმართველი პარტია ქვეყანას რუსული მოდელისკენ მიაქანებს, სადაც მედია და სამოქალაქო საზოგადოება სრულად კონტროლდება. ჩვენ, ქართული მედია, ვხედავთ ამ საფრთხეს და ვიცით, რომ ეს ბრძოლა გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის.
ახალი რუსული კანონები მიზნად ისახავს საზოგადოების გაჩუმებას. ხოლო, როცა მედია დუმს, ხალხიც დუმს.
მედიის ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება. ჩვენ არ შევწყვეტთ სიმართლის თქმას, უკანონობის მხილებას და კრიტიკას. ჩვენი ეთერებიდან და პლატფორმებიდან გახმიანებულ სიმართლეს არასოდეს ჩაანაცვლებს სიჩუმე”,- ნათქვამია განცხადებაში.
მედიის წარმომადგენლებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: “თავისუფალ ხმას ვერ ჩაახშობთ!”, “თავისუფლება მედიას!”, “არა ცენზურას.
