„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი წინასწარ ჩამოთვლის იმ ორგანიზაციებს, ვისაც „გრანტების კანონში“ პარტიის მიერ შეტანილი ცვლილებების შემდეგ აღარ ექნებათ გრანტების მიღების უფლება. მაჭავარიანი მათ „არასასურველ ორგანიზაციებს“ უწოდებს.
· „რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“?! – აცხადებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები 2023-24 წლებში „აგენტების კანონის“ შესახებ ოპონენტების კრიტიკაზე, რომ მსგავსი ცვლილებები არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის დახურვას გამოიწვევდა;
· 2024 წელს პარლამენტში ხელმეორედ შეტანის შემდეგ, „აგენტების კანონი“, მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, მიიღეს;
· ამჟამად კი „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტი იღებს ცვლილებებს „გრანტების შესახებ“ კანონში, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია საგარეო გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“.
· ეს არაერთი ორგანიზაციას დახურვის რისკის წინაშე აყენებს, მათ შორის, ადამიანის უფლებებზე თუ სხვა არაერთ საკითხზე მომუშავეს, – „FARA-ს ანალოგისა“ და „მაუწყებლობის კანონში“ შეტანილი ცვლილებების ფონზე.
„ვიზირება“ მთავრობისგან
„როდესაც კონკრეტული დონორი ორგანიზაცია მიმართავს მთავრობას ამა თუ იმ გრანტის გაცემასთან დაკავშირებით, თუ მთავრობას დაარწმუნებს იმაში, რომ ეს საქმეს წაადგება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება კარგი, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მთავრობის მხრიდან ვიზირება“, – განაცხადა დღეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
„ხოლო თუ ამაში ვერ დაარწმუნებს მთავრობას და ჩვენ დავინახავთ იმის ნიშნებს, რომ ეს თანხა უნდა მოხმარდეს [ნინო] ლომჯარიას, [ეკა] გიგაურს, ქალბატონ [ბაია] პატარაიას და ასე შემდეგ იმისთვის, რომ მორიგი რევოლუციური სცენარი მოაწყონ, რა თქმა უნდა, ამაზე ვიზირება არ იქნება“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, თუკი დონორი მაინც გასცემს გრანტს ამა თუ იმ ორგანიზაციაზე, ეს ორგანიზაცია ორმაგი თანხით დაისჯება:
„თუ მაინც გასცემს დონორი ორგანიზაცია ქალბატონ ლომჯარიაზე, ქალბატონი ლომჯარია შემდეგ დაჯარიმდება ამ თანხის ორმაგი ოდენობით“.
„არასასურველი ორგანიზაციები“
მაჭავარიანმა ასევე გამოიყენა ტერმინი „არასასურველი ორგანიზაციები“. მათ შორის კვლავ დაასახელა ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია და ისინი „ძირგამომთხრელ საქმიანობაში“ დაადანაშაულა.
· მსგავსი ტერმინი არსებობს რუსულ სამართლებრივ და პოლიტიკურ სივრცეში:
· ორგანიზაციისთვის, რომელიც რუსეთში „არასასურველად“ გამოცხადდება, ეს წერტილის დასმას ნიშნავს – იხურება მისი ოფისები და იკრძალება მისი ყოველგვარი საქმიანობა;
· რუსეთმა რადიო თავისუფლება 2024 წელს „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა;
· „არასასურველ ორგანიზაციათა“ ნუსხას აახლებს რუსეთის იუსტიციის სამინისტრო.
„ჩვენთვის არასასურველ ორგანიზაციებს – კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს, რომლებიც მხოლოდ დაკავებულები არიან ძირის გამომთხრელი სამუშაოებით ჩვენ ქვეყანაში და რევოლუციის მოწყობის სცენარებით“… – თქვა მან და წინადადება ასე დაასრულა:
„კი ბატონო, ისინი, რა თქმა უნდა, არასასურველები არიან და ასეთ ორგანიზაციებს არ უნდა მიეცეს საშუალება იმისა, რომ დააფინანსონ რევოლუციონერები ჩვენს ქვეყანაში“.
· ნინო ლომჯარია, წარსულში „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი და ყოფილი სახალხო დამცველი, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, 2024 წლიდან ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას, „ჩემი ხმა“;
· ეკა გიგაური წლებია არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;
· ბაია პატარაია არის კავშირი „საფარის“, ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის დირექტორი.
· ამასთან, აღსანიშნავია, რომ გრანტები გაიცემა არა პიროვნებებზე, – როგორც ეს მაჭავარიანის სიტყვებიდან შეიძლება იქნას გაგებული, – არამედ ორგანიზაციებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ორგანიზაციისთვის გრანტის გასაცემად მთავრობის ნებართვა იქნება საჭირო, მიზნად ისახავს მოქალაქეების დატოვებას მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამ საკანონმდებლო ინიციატივას „ქართველი ხალხის დევნის აქტს“ უწოდებენ.
