ჰაპტიკური ხელთათმანით ვირტუალურ სამყაროს შეიგრძნობთ!

ვირტუალურ რეალობაში კი ბევრი რამ არის სანახავი, მაგრამ ჩვენი სხვა შეგრძნებები უპასუხოდ რჩება… 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა ამ კონცეფციამ დიდი ყურადღება დაიმსახურა, მისი გამოცდის საშუალება მხოლოდ თვალებით გვქონდა, VR სათვალის დახმარებით, რომელსაც მომხმარებელი ციფრულ რეალობაში გადაჰყავდა. ახლა კი მკვლევრებმა მეტად ეფექტური, რეალისტური და ხელმისაწვდომი გზა შემოგვთავაზეს — ჰაპტიკური ხელთათმანი, რომლებიც ვირტუალურ რეალობაში ფიზიკური კონტაქტის რეალურ შეგრძნებას უზრუნველყოფს.
„თუ ჩვენ გვსურს მეცნიერულ საკითხებზე მუშაობა კოსმოსში, მთვარეზე, წყლის ქვეშ, ჩვენ უნდა გვქონდეს გზები, რათა შორ მანძილებზე ინტერაქცია შევძლოთ, ამის ეფექტურად თუ სწორად გასაკეთებლად შეხების შეგრძნება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“, — აცხადებს კრის ჰარისონი, Future Interfaces Group-ის ხელმძღვანელი.
მართალია, ვირტუალური რეალობისთვის განკუთვნილი ჰაპტიკური სისტემები აქამდეც არსებობდა, იქნება ეს მეტას თუ Haptx-ის პროდუქტები, მაგრამ ისინი უფრო დიდ და არაპრაქტიკულ მოწყობილობებს წარმოადგენდა… ჰაპტიკური სისტემების ზომა კი იმით განისაზღვრებოდა, თუ რამდენად უზრუნველყოფდა ეს ხელთათმანი შეხების შეგრძნებას — კომპრესირებული ჰაერი ხელთათმანის შიგნით არსებული პატარა აქტივატორების გასააქტიურებლად გამოიყენება, ტექსტურებს თითის ბალიშებით შეიგრძნობა და იმეორებს რეალობაში ნანახისა თუ შეხების პროცესს. თუმცა ამ კომპრესირებული ჰაერის გამოყენება დიდ კონტეინერებსა და ელექტროენერგიას საჭიროებს.
„ჩვენ ვაკვირდებოდით, რას აკეთებდნენ ეს სტარტაპები, რას აკეთებდა მეტა და ვფიქრობდით, რომ ეს არ იყო წინსვლის გზა, არასდროს იქნება შესაძლებელი კომპრესირებული ჰაერის სისტემის მინიატურული ვარიანტის შემუშავება“, — ამბობენ მკვლევრები.
ჰარისონის გუნდმა კი ჰაერის ნაცვლად, სითხეები გამოიყენა, შეიმუშავეს სისტემა, რომელსაც ეს სითხე აქტივატორებამდე მცირე დარტყმების მეშვეობით გადააქვს, რომლებსაც, თავის მხრივ, მცირე ელექტრული მუხტი ააქტიურებს. მათ მხოლოდ პატარა ბატარეა სჭირდებათ და, შესაძლოა, არსებული პროგრამებითა თუ აპარატურითაც გაკეთდეს, რომლებიც ჩვეულებრივ PCB-ის შესაქმნელად გამოიყენება — „ამან იმუშავა და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვეძლება ფასის შემცირება“.
Fluid Reality-ის გამოთვლებით, ხელთათმანის ღირებულება 1000 დოლარზე ნაკლები უნდა იყოს, როცა მაგალითად Haptx-ის სისტემისთვის ეს თანხა 5500 დოლარს შეადგენს, მეტა კი 15 000 დოლარს გვთავაზობს… საინტერესოა ისიც, რომ Fluid Reality-ის ხელთათმანის ტექნოლოგია 5-კაციანი გუნდის მიერ ერთ წელიწადში შეიქმნა!
ვიდეოში ვხედავთ კიდეც, თუ როგორ შეიგრძნობენ ჰაპტიკური ხელთათმანით ვირტუალურ რეალობას, როგორ ასხვავებენ ტექსტურებს და როგორ უკრავენ ვიოლინოზე. ხოლო, თუ ჰარისონს დავეყრდნობით, ამ ტექნოლოგიით ექიმებს ტელექირურგიის ჩატარება შეეძლებათ, ტექნიკოსებს ბომბების დისტანციურად განმუხტვა, მეცნიერებს კი კოსმოსში არსებული რობოტების დისტანციურად მართვა და ფიზიკური ამოცანების შესრულება…