გურამ დონაძე გვიბარებს მე და ვაწაძეს თავისთან, ნაბეჭდ ჩვენს ჩვენებას გვიდებს – ჩვენ რა უნდა გვეთქვა პროცესზე, სადაც მოსამართლეც კი არ დაგვისვამდა ზედმეტ შეკითხვას
ბუტა რობაქიძის საქმეზე იმ პერიოდში სასამართლო პროცესი ჩატარდა. მე პროკურატურაში 2012 წელს დავიკითხე, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოწმე საქმის და წინა ხელისუფლების პერიოდში საგამოძიებო ორგანოებში დაკითხულებიც არ ვიყავით. პირდაპირ, ერთადერთ სასამართლო პროცესზე 2006 წელს გაგვიყვანეს, – განაცხადა გადაცემა “პატრულის” ყოფილმა ჟურნალისტმა, გოჩა მუკბანიანმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ, ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას.
გოჩა მუკბანიანის თქმით, გურამ დონაძემ ის და ოპერატორი ვაწაძე დაიბარა და მისცა დაწერილი ჩვენება, რომელიც მათ უნდა დაეზეპირებინათ სასამართლო პროცესისთვის. „გურამ დონაძე გვიბარებს მე და ვაწაძეს თავისთან, ნაბეჭდ ჩვენს ჩვენებას გვიდებს, ჩვენ რა უნდა ვთქვათ პროცესზე, სადაც მოსამართლეც კი არ დაგვისვამს ზედმეტ შეკითხვას, ეს ოღონდ იცის უკვე გურამ დონაძემ, ასე გვეუბნება. გურამ დონაძე გვეუბნება, რომ: „თუ ერთი სიტყვას მაინც აქედან შეცვლით, ან რაღაცა, იქ თქვენ რამე შეგეშლებათ ან მოგინდებათ, ხომ იცით რა გელოდებათ?! და მე ცრუ მოწმეობისთვის დაგიჭერთ ორივეს იმიტომ, რომ მაქვს პასპორტი სადაც არის შტამპი, რომ მე იმ დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი.
“ ეს შინაარსი დონაძის, მედიაშიც არის გავრცელებული ამბავია. დონაძის კაბინეტიდან მანქანებში ჩაგვსვეს, ქალაქის ყოფილ სამმართველოში, ალბათ პროკურატურაც იჯდა იმ პერიოდში, გაგვატარეს საკონტროლო მოსმენა ერთ-ერთ პროკურორთან, გავიმეორეთ ის, რაც დონაძემ დაგვიდო და პირდაპირ სასამართლო პროცესზე, სადაც იყო ასეთი რამე, თუ არ ვცდები მოსამართლე კოპალიანი იყო ამ საქმის მოსამართლე. მოსამართლეს კითხვა არ დაუსვამს არაფერზე, სამწუხაროდ. ზუსტად ვიცოდით, რომ საშინელება ხდებოდა, საშინელ მდგომარეობაში ვიყავით, ზუსტად ვიცოდით, რომ დონაძე არ გვაკვირდებოდა მარტო ჩვენ, მე და ვაწაძეს,“- განაცხადა გოჩა მუკბანიანმა.
Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავების პროცესი მიმდინარეობს