APM Terminals-მა ახალი საკონტეინერო სივრცე აამოქმედა, რომლის წლიური გამტარუნარიანობა 50 000 TEU არის.
კომპანიის ინფორმაციით, საოპერაციო შესაძლებლობებისა და პროცესების გაუმჯობესების მიზნით, „ეიპიემ ტერმინალსმა“ ფოთის პორტის მიმდებარედ შეისყიდა და გააუმჯობესა დამატებითი ტერიტორია.
„ახალი საკონტეინერო ეზო, რომლის ფართობი 5.4 ჰექტარია, წარმოადგენს კიდევ ერთი ინვესტიციის შედეგს, რომლის მიზანიც ნავსადგურში გემის დაყოვნების დროის შემცირებაა“, – აცხადებენ კომპანიაში, თუმცა ინვესტიციის მოცულობას არ აზუსტებენ
„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ წარმოადგენს მთავარ კარიბჭეს საქართველოსა და კავკასიის რეგიონისთვის. ამასთან, მისი, როგორც სანდო ჰაბის, მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომლებიც ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიკაციას ცდილობენ.
კომპანიის საოპერაციო გუნდი უკვე წარმატებით ახორციელებს ოპერაციების ოპტიმიზაციას და პორტში დაყოვნების დროის შემცირებას. ამისთვის უკვე შემუშავებულია წინასწარი დასაწყობების პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც საკონტეინერო გემებისთვის კონტეინერები პორტის გარეთ არსებული ტერმინალებიდან წინასწარ შემოდის და ადგილზე ინახება. ამ გზით, კომპანია ცდილობს შეინარჩუნოს ოპერაციების მაღალი ეფექტიანობა და ამავდროულად გაზარდოს პორტის კონკურენტუნარიანობა შავი ზღვის რეგიონში.
დამატებითი სივრცე საშუალებას იძლევა გაფართოვდეს წინასწარი დასაწყობების შესაძლებლობები. ამასთანავე, გაზრდილი სასაწყობო სივრცე შესაძლებელს ხდის ისეთი საპროექტო ტვირთების შემოტანას, რომელთა მიღება აქამდე, შეზღუდული ინფრასტრუქტურისა თუ სივრცის გამო, საქართველოში ვერ ხერხდებოდა“, – ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ გაზრდილი შესაძლებლობების გამოყენებას სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან დამატებითი ტვირთის მოსაზიდად გეგმავს.
„ეს ხაზს უსვამს გუნდის ერთგულებას საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი და მზარდი სატრანსპორტო ჰაბის განვითარებისადმი“, – აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის ინფორმაციით, “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” გამტარუნარიანობა 2024 წელს 545 297 TEU იყო.
ცნობისთვის, ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის, ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის 2023 წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals-ს ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა.
გასული წლის მარტში ფოთის პორტის მმართველი კომპანია აცხადებდა, რომ პორტის გაფართოებაში $200-მილიონიანი ინვესტიცია მთავრობის მიზეზით ჭიანურდებოდა. ეკონომიკის მინისტრი კი აღნიშნავდა, რომ გაჭიანურების მიზეზი ინვესტორის საინვესტიციო პრიორიტეტების ხშირი ცვლილება იყო. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ჩხარტიშვილი ამბობს, რომ პორტის გაფართოების პროექტზე მთავრობისგან კვლავ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.
