“დღგ-ით დაბეგვრა აგროსფეროში ერთნაირი უნდა იყოს, თუმცა უფრო დაბალი ვიდრე 18%-ია” – გოჩა ცოფურაშვილი

სოფლის მეურნეობის სექტორში დღგ-ს ნულოვან დაბეგვრას ეკონომიკაზე უარყოფითი ეფექტი აქვს – ეს დასკვნა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებულ ანგარიშში გვხვდება. სამინისტროს შეფასებით, შეღავათისგან, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ვრცელდება, უფრო მეტ სარგებელს მაღალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობები იღებენ, რაც უწყების დასკვნით, საგადასახადო შეღავათების სუსტ მიზნობრიობაზე მიუთითებს. კვლევა აჩვენებს, რომ შეღავათის შემოღებიდან მე-10 წელს რეფორმის შედეგად, დღგ-ს საგადასახადო დანახარჯების წმინდა ეფექტი ნომინალურ გამოსახულებაში 198 მლნ ლარის წმინდა დანაკარგს უტოლდება.
სოფლის მეურნეობის წახალისების, ადგილობრივი წარმოების ზრდისა და იმპორტირებულ პროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით სოფლის მეურნეობის გარკვეული კატეგორიის პროდუქტებზე დამატებითი ღირებულების ნულოვანი გადასახადი 2012 წლიდან მოქმედებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი გოჩა ცოფურაშვილი გვიხსნის, რომ ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინიციატივების და პროგრამების ეფექტიანობის პერიოდული ანალიზი დარგისთვის მნიშვნელოვანია, რომლის საფუძველზეც უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება. ცოფურაშვილი ეთანხმება იმ პოზიციას, რომ სოფლის მეურნეობის დარგში დღგ-ით დაბეგვრა ყველასთვის ერთგვაროვანი უნდა იყოს, თუმცა მისი შეფასებით, დღგ-ს განაკვეთი ისეთი მაღალი არ უნდა იყოს, როგორიც დღეს არის.
“ეს ფინანსთა სამინისტრომ უნდა დაინახოს უფრო ფართო ჭრილში და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სპეციალისტებთან ერთად უნდა დაიწყოს მსჯელობა ამ საკითხზე. მე მივესალმები დაბეგვრის თანაბარ რეჟიმს, ოღონდ დაბეგვრის პროცენტი, როგორც ბევრ ქვეყანაშია უნდა იყოს დაბალი და არა 18%. კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, ჩვენ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დღეს სოფლის მეურნეობაში ვკარგავრთ დღგ-ს გარკვეული შეღავათების მოხსნით, რაღაც ეფექტი მივიღოთ მთლიანობაში, თუმცა ეს დააზიანებს მთლიანობაში წარმოებული პროდუქციის მოცულობას. ჩვენ ისედაც იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, ჩვენ მუდმივად გვჭირდება ვალუტა, რომ პროდუქცია შემოვიტანოთ, როცა შეგვიძლია ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლოთ.
ჩვენ ამ პროცესის ძალიან სერიოზული გადახედვა გვჭირდება, თვითდინებაზე მიშვებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ დასაბუთებულად ამბობს, რომ არაფრის მომცემი არ არის ეს პროცესისთვის. იკარგება დღგ, ეს შეღავათი არ გვაძლევს არაფერს და ა.შ.
შინამეურნეობების დაბეგვარზე არ ვსაუბრობ, ეს მსოფლიოში მიღებულია და მათთვის სპეციალური ბაზრებია. აქ გარკვეული დიფერენცირება უნდა მოხდეს, ისეთი ფორმა როგორიც არის კოოპერატივი, კლასტერი, სადაც შეიძლება მეტი ხალხი ჩავრთოთ, მათ შეიძლება გარკვეული შეღავათები დარჩეთ, ოღონდ გარკვეული პირობებით. ყველა სხვა შემთხვევაში დაბეგვრა სოფლის მეურნეობის სექტორში უნდა იყოს ერთნაირი და არ არის სასურველი იყოს 18%, ჩვენი მოსახლეობის პირობებში, უნდა იყოს გაცილებით დაბალი”, – ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი გოჩა ცოფურაშვილი.
დამატებული ღირებულების გადასახადის ნულოვანი დაბეგვრის პრინციპი ამ დრომდე არ ვრცელდება მეფრინველეობის დარგზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით შეღავათებს ბიზნესი წლებია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი გვიხსნის, რომ მთავარი არგუმენტი, რის გამოც მათ სექტორზე ეს შეღავათი არ ვრცელდება, ის თანხებია, რომელსაც ბიუჯეტი დაკარგავს, რასაც მთავრობა არ თმობს. მისი თქმით, ეს კვლევა სავარაუდოდ წინაპირობაა იმის, რომ უკვე მოქმედი შეღავათების გადახედვა მოხდეს, რაც სოფლის მეურნეობის დარგს დაარტყამს, ბაზარს კი უფრო მეტად იმპორტდამოკიდებულს გახდის.
“ქართული პროდუქცია სწორედ არსებული საგადასახადო ბაზის გამო იმპორტირებულს ვერ უწევს კონკურენციას. 2008 წელს ვიღაცას თავში მოუვიდა, რომ დაებეგრა კვერცხი, ამ 17 წლის განმავლობაში ვიღაცამ ხომ უნდა ახსნას რატომ? ვაღაცამ რაღაც დათვალა, როგორ დათვალა კაცმა არ იცის. ახლა ეს არის წინაპირობა იმის, რომ ყველაფერი დაიბეგროს და რა მოხდება? რაც ხდება კვერცხის და მეფრინველეობის დარგში.
ბიუჯეტში, რაღაც დამატებითი ფულის აკუმულირება რომ მოხდეს, ამის გამო ქართული პროდუქტი უნდა დაიბეგროს, ისედაც 15-20% გვაქვს თვითკმარობის კოეფიციენტი წლების განმავლობაში და ესეც შემცირდება. როგორ გინდა გლეხს, რომელსაც 1.5 ჰექტარი აქვს გააგებინო, რომ დღგ უნდა გადაიხადოს? მოხდება იგივე სიმბიოზური მიდგომა, რაც კვერცხში არის, თუ პატარა ბიზნესი ხარ შეღავათი გაქვს და დღგ-ს არ იხდი, თუ დიდი ხარ და განვითარდი დღგ უნდა გადაიხადო, ამ დროს გიჩნდება აზრი, რატომ განვითარდე, თუ უნდა გადავიხადო დღგ. ჩვენივე კანონმდებლობით თავშივე ვკლავთ განვითარების სურვილს”, – ამბობს „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ დღგ-ს ნულოვანი დაბეგვრის სუსტად განხორციელებული მიზნობრიობის გამო, შესაძლოა, ეს საგადასახადო შეღავათების ინსტრუმენტის გადახედვა იყოს განხილული. მათი ინფორმაციით, საჭიროა სოფლის მეურნეობის პროდუქტების დღგ-ით ნულოვანი დაბეგვრის მიზნისა და ბენეფიციარების გადახედვა. როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი 2023 წელს დაიწყო.