დღეს საღამოს, 7 აპრილს, უწყვეტის პროტესტის 131-ე დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კვლავ დააკავეს აქციის მონაწილეები. სავარაუდოდ, დაკავებულია სულ მცირე სამი ადამიანი.
გაფრთხილება: ტექსტი შეიცავს ძალადობის ამსახველ ფოტოს
საპროტესტო აქციების მონაწილეთა ჯგუფ „დაიტოვეში“ ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს პოლიციელთა მიერ დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაკავება.
თვითმხილველის ცნობით, დაკავებულთა ნაწილი პოლიციას დიდი ხნის განმავლობაში მიჰყავდა დაკავების მანქანებამდე, რომლებიც მეტრო „თავისუფლების მოედნის“ სიახლოვეს ჰყავდათ გაჩერებული.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ქუჩაში ჩანს დაკავებულთა მიმართ პოლიციის ძალადობის შედეგად სისხლის კვალი.
სისხლის კვალი ჩანს ადგილიდან მედიის, ასევე მოქალაქეებისგავრცელებულ ვიდეოშიც.
გაფრთხილება! ძალადობის ამსახველი ფოტო
რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავებულთა რაოდენობის დაზუსტებას და გარკვევას, რის გამო დააკავეს დემონსტრანტები.
ჯერ უცნობია ისიც, თუ სად, რომელ იზოლატორში გადაიყვანეს დაკავებულები.
8 მარტს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია მორიგი დემონსტრაცია, რასაც 9 აპრილის მემორიალთან ღამისთევა უნდა მოჰყვეს.
ხვალინდელი ღამისთევის ერთ-ერთი ორგანიზატორია პროევროპული აქციებისას დაკავებულების მშობლებისა და ოჯახის წევრების მიერ შექმნილი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“.
ახლადშექმნილი მოძრაობა საზოგადოებას მოუწოდებს პროტესტისკენ და 8-9 აპრილს ღამისთევას აანონსებს.
ფორუმი
