აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, 12 ხმით, დაამტკიცა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანად უყარეს კენჭი.
„სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.
კენჭისყრამდე, კანდიდატებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები.
ახლად დამტკიცებულმა მთავრობის თავმჯდომარემ – სულხან თამაზაშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს – დავით გაბაიძესა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ აქტიური თანამშრომლობით, ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებენ ქვეყნისა და რეგიონისთვის.
პლენარულ სხდომამდე, საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომები, სადაც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და სამომავლო ხედვები წარმოადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
