22-23 დეკემბერს ბაკურიანი მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

საერთაშორრისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) 22-23 დეკემბერს, ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში, მსოფლიოს წამყვანი 16 ქვეყნის (, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები,) 90 სპორტსმენი იასპარეზებს.
წლევანდელ შეჯიბრებას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დაესწრება და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებს, შეჯიბრების დირექტორი ანდრეა რინალდი და ტექნიკური დელეგატი ალექს სპანი.
მოგულის დისციპლინა კოხტის მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტრასა აღნიშნული დისციპლინისთვის.
„რაც შეეხება ბაკურიანს ეს შესანიშნავი ადგილია, ყველასთვის დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა“, – აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრების დირექტორმა ანდრეა რინალდიმ.
მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, (MTA) ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს (ბაკურიანი 2023), ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. მისივე შეფასებით, წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება საქართველოსადმი, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო, კონკრეტულად კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვედრილიყო.
2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გაგრძელდება გუდაურში სნოუბორდ კროსის (3-4 თებერვალი), ხოლო ბაკურიანში სქი ქროსის დისციპლინაში (10-11 თებერვალი) გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა” (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების პარტნიორები არიან კომპანიები „სილქნეტი” და„ ბორჯომი.”