ბრიტანეთის მოქალაქე, 28 წლის დენიელ ტრევისი ამბობს, რომ გასულ წელს საპროტესტო აქციების დროს 12 დღით დააკავეს, სცემეს და საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევენ.
ტრევისი ამის შესახებ Daily Express-სთან საუბრობს და შიშობს, რომ თუ კვლავ დააპატიმრებენ, ქვეყანას ვეღარ დატოვებს, რადგან სექტემბერში მის ვიზას ვადა გასდის.
ტრევისი ჰყვება, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, აეროპორტში გაიარა უსაფრთხოების კონტროლი, თუმცა პასპორტის კონტროლზე მას განუცხადეს, რომ წასვლა არ შეეძლო.
ბრიტანეთის მოქალაქის თქმით, მას უთხრეს, რომ “პრობლემა უნდა მოეგვარებინა”, ხოლო შეკითხვაზე, თუ რა პრობლემა იყო, მას კონკრეტული პირის მობილურის ნომერი მისცეს.
ტრევისის თქმით, ნომერი ეკუთვნოდა პოლიციელს, რომელიც მას თბილისში ყოფნისას ყოველ ჯერზე აჩერებდა და პასპორტს სთხოვდა.
ბრიტანეთის მოქალაქე ამბობს, რომ ამ პოლიციელმა მას 1 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.
“ის ამბობდა, რომ 1000 ლარის გადახდა იყო საჭირო. პოლიციის განყოფილებაში წავედი, 1000 ლარი გადავიხადე, ქვითარი არ მომცეს”- აღნიშნავს ბრიტანეთის მოქალაქე.
Daily Express-სთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ თანხის გადახდის შემდეგ, გაიფიქრა “საქმე დახურულია” და ქვეყნის დატოვება კიდევ ერთხელ სცადა.
ამჯერად, საზღვრის გადაკვეთა და თურქეთში გადასვლა ავტობუსით სცადა. ის გამოცემასთან ამბობს, რომ ქვეყნის დატოვების საშუალება მაინც არ მისცეს.
“ისევ იგივე გააკეთეს”- ამბობს ტრევისი და იხსენებს, ისევ კონკრეტულ ადამიანთან დარეკვაზე მიუთითეს.
მისი თქმით, ამჯერად 3 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თუმცა მან უარი განაცხადა.
ტრევისის თქმით, ამ საკითხზე ინფორმირებულია ბრიტანეთის საელჩოც და ახლა ისინი ცდილობენ პრობლემის მოგვარებას.
გამოცემა წერს, რომ გასულ წლის ნოემბრის ბოლოს დენიელ ტრევისი პოლიციამ პარლამენტში შეჭრის ბრალდებით დააკავა.
ტრევისი დეკემბერში გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ის ბარიდან გამოსვლისას დააკავეს.
ბრიტანეთის მოქალაქე იხსენებს, რომ ის წაიყვანეს პარლამენტის შენობაში, სადაც პროპაგანდისტულმა მედიამ ინტერევიუ ჩამოართვა.
“ისინი ცდილობდნენ, ისე გამოეყვანათ, თითქოს მე პარლამენტის შენობაში შევიჭერი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. შეუძლებელია, შეიჭრა პარლამენტის შენობაში, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც გარეთ ბევრი პოლიციელი იდგა”- აცხადებს ტრევისი.
ტრევისი იხსენებს, რომ რაც დაკავების შემდეგ მოხდა, სასტიკი იყო. მისი თქმით, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“მირტყამდნენ ბარძაყებზე, მკლავებზე”- იხსენებს ტრევისი. ფიზიკური ძალადობის გარდა, ბრიტანეთის მოქალაქე ამბობს, რომ მას ციხეში სამი დღის განმავლობაში საკვებს არ აძლევდნენ.
ამასთან, ის ჰყვება, რომ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მას სამი კვირის განმავლობაში მანქანა დაჰყვებოდა. “სადაც მივდიოდი, ყველგან მომყვებოდა, სახლიდან როგორც კი გამოვდიოდი მაშინვე მომყვებოდნენ”- ამბობს ტრევისი.
