„მთავარი არხის“ წამყვანებმა ნათია გოგსაძემ და თეა ადეიშვილმა YouTube-ზე ახალი გადაცემა On:Time დაიწყეს. პირველი ეპიზოდი გუშინ, 5 აპრილს დაიდო და მისი სტუმარი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო.
“მაყურებელი იქნება ჩვენი მრჩეველი და პროდიუსერი”, – ამბობენ წამყვანები ვიდეოში, სადაც ასევე აღნიშნავენ, რომ გადაცემა სოციალურ თემებს შეეხება.
“საუბრები ყველაფერზე, რაც აწუხებს დღეს საზოგადოებას. ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება არც პოლიტიკა და არც სოციალური თემები. თქვენთვის საინტერესო რესპონდენტებამდე მივიტანთ ყველა კითხვას, რაც გაწუხებთ და რაზე პასუხის მიღებაც აქამდე ვერ მოახერხეთ”, – ნათქვამია გადაცემის აღწერაში.
წამყვანებმა “რადიო თავისუფლებასთან” აღნიშნეს, რომ ისინი, ამ ეტაპზე, თავიანთი ხარჯებით ქმნიან პროექტს და გარდა ამისა, არ ტოვებენ “მთავარ არხს”.
„ჩვენ ვართ დებიუტანტები YouTube-ზე. ახლა ვეცნობით და ახლა ვსწავლობთ – მივიღებთ რჩევებს, რა ფორმატი აინტერესებს მაყურებელს. თავდაპირველად გავა ჩანაწერი, შემდეგ შეიძლება პირდაპირ ეთერშიც გავიდეთ“, – უთხრა ნათია გოგსაძემ “რადიო თავისუფლებას”.
ცნობისთვის, 15 თებერვალს გავრცელდა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ “მთავარი არხი” ამ ეტაპისთვის აჩერებს ყველა გადაცემას შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო.
„ამ დროისთვის „მთავარი არხის“ ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები“, – ნათქვამია „მთავარი არხის“ განცხადებაში.
