მამუკა ხაზარაძის შემდეგ 50 000-ლარიანი გირაო ბადრი ჯაფარიძეს შეეფარდა. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან 1-წლიან პატიმრობას.
საქმე ეხება “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ კომისიას, რომელიც “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობას შეისწავლის.
“არ მივიჩნევ თავს პირად, რომელმაც დაარღვია კანონი, რადგან კანონის დარღვევად რომ ჩაითვალოს, ის უნდა იყოს კანონიერი მოთხოვნა […] არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურად შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოძახების შემთხვევაში მე არ მივიდოდი ამ კომისიაზე, რადგან, მისი ამოცანა იყო არა რაიმეს გამოძიება, არამედ ტიპური, 30-იან წლებში როცა ანგარიშსწორება მიმდინარეობდა ადამიანების მიმართ და უდანაშაულო ადამიანებს აცხადებდნენ ხალხის მტრებად, ეს ამოცანა აქვს ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიას”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომაზე.
კომისიაზე, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე 24 მარტს დაიბარეს. მეორე დღეს, 25 მარტს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კომისიაზე მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ აპირებენ.
ხაზარაძე პროკურატურამ მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა 26 მარტს, ჯაფარიძე კი 1-ელ აპრილს. უწყებაში მისვლაზე მათ უარი განაცხადეს და მზაობა გამოთქვეს, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე წარდგენილიყვნენ. სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ მათ ბრალი წარუდგინეს.
მამუკა ხაზარაძის აღკვეთს ღონისძიების სხდომა 2 აპრილს ჩატარდა. ორივე მათგანს 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ამავე თემაზე:
· “სამი ადამიანი იქნება გამწევი ძალა” – ხაზარაძე ხსნის, რას იზამს კოალიცია, თუ მას დააკავებენ
