სურსათის უვნებლობის დეპარტამენტი რძის ნიმუშებში აფლატოქსინის დაფიქსირებაზე – შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება

შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება, – ამის შესახებ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანა გემაზაშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინები გამოვლინდა.
როგორც ანა გემაზაშვილი აღნიშნავს, რძის მწარმოებლები განეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს, ამიტომ მსგავს ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ამოწმებენ.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მუდმივი, ყოველწლიური კონტროლი რძის მეწარმე ყველა ბიზნესოპერატორთან. რძის მწარმოებლები განეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს, ამიტომ ასეთ ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ვამოწმებთ, ეს ნიშნავს 4-ჯერ გეგმურ შემოწმებას, 4 გადამოწმებას.
ფაქტობრივად, მაღალი რისკის საწარმოებში კონტროლი ხორციელდება ყოველ 2 თვეში ერთხელ. გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი.
მათ შორის რძე და ასევე აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის შემოწმებული. არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა. მათ შორის ამ მაჩვენებელზეც გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული რძე და ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებული აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა.
ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად. სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა. თავად ბიზნესოპერატორიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების გამოთხოვა ბაზრიდან. მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუკი რაიმე დარჩენილია აღნიშნული პარტიებიდან, მათი გამოთხოვა ბაზრიდან,“ – აღნიშნავს ანა გემაზაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს