თბილისის მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს მერი კახა კალაძე აწერს, სამსახურიდან დათხოვნილია მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინი სანადირაძე, რომელიც ამ პოსტზე 2016 წლის აგვისტოდან მუშაობდა.
მუზეუმების გაერთიანება თბილისში არსებულ ათამდე მუზეუმს აერთიანებს, რომლებიც ბოლო წლებში განახლდა, რეაბილიტირდა, გაიხსნა – თავად ორგანიზაცია კი გახდა არაერთი საერთაშორისო სამუზეუმო გაერთიანების, მათ შორის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოსა (ICOM) და ევროპის მუზეუმების ქსელის (NEMO) წევრი.
თავად ნინი სანადირაძის განმარტებით, ის ვადამდე ორი წლით ადრე გაათავისუფლეს, “ყველა წესისა და სავალდებულო პროცედურის დარღვევით”, თუმცა ეს მისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა.
“მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულიდან ცხადი იყო განწყობებიცა და შემოთვლითი მოთხოვნები დამეტოვებინა დირექტორის პოზიცია, ამ დრომდე მხოლოდ კულუარულად ვიცოდი მოსალოდნელის შესახებ, რაც სულ რამდენიმე წუთის წინ, ელექტრონული სისტემით მიღებული დოკუმენტებით დადასტურდა”, – წერს ის და აჯამებს, რისი გაკეთება შეძლო ამ ორგანიზაციამ მისი იქ მუშაობის პერიოდში.
“დავასრულეთ და გავხსენით:
– ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმი;
– ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური მუზეუმი;
– გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური მუზეუმი;
– სოსო და კოტე წერეთლების მემორიალური მუზეუმი;
– ათეულობით სამეცნიერო გამოცემა და სტატისტიკა, რომლის გარეშეც შეიძლება თამამად ითქვას, ჩვენ შევძელით ჩვენი დამთვალიერებლების, სტუმრების, მეგობრებისა და ვიზიტორების სიყვარული.
2016 წლის აგვისტოდან 2025 წლის 1 აპრილამდე ჩვენ შევძელით ჩაგვეტარებინა, გევმასპინძლა, მოგვემზადებინა და გევმუშავა შემდეგზე:
– 27,177 საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე;
– 1,654 საგანმანათლებლო პროგრამა;
– 3,060 საფონდო ერთეული;
– 782 მედია გაშუქება;
– 37,363 ვიზიტორი;
– 34,451 დამთვალიერებელი;
– 1,565 შშმ პირი;
– 3,800 სოციალურად დაუცველი პირი;
– 510 გამოფენა და საჯარო ლექცია;
– 29,151 ღონისძიების სტუმარი;
– 7,976 ვიზიტორი International Museum Day-ის ფარგლებში;
– 5,739 IMD-ის დამთვალიერებელი;
– 3,668 IMD პროგრამის მონაწილე;
– 4,210 ექსკურსია.
არაერთი საერთაშორისო პროექტი და 6 საერთაშორისო კონფერენცია, საზაფხულო სკოლა, სტაჟირების პროგრამა, სხვადასხვა საჭიროებისა და ინტერესების მქონე ადამიანთა მხარდაჭერა, ტრადიციული კონტექსტის აღდგენა და ისტორიული ნარატივების წინ წამოწევა, საფონდო საქმიანობა და კოლექციათა სისტემატიზაცია, სარესტვარაციო და საკონსერვაციო ლაბორატორიის დაარსება, სასწავლო პროგრამების შემქნა, სკოლის დაარსება და სხვა.”
თბილისის მერიიდან და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებიდან ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს. მათი ნაწილი საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერი იყო – გათავისუფლებულთა ნაწილი ღიად საუბრობს იმაზე, რომ მათ და მათ კოლეგებს ამ პეტიციიდან ხელმოწერის გაუქმებას სთხოვდნენ. გათავისუფლებულთა ნაწილი კი რეორგანიზაციის ფარგლებში დაითხოვეს სამსახურიდან.
