ტერორისტულმა ორგანიზაცია “ჰამასმა” უარი განაცხადა ისრაელის მიერ შეთავაზებულ ერთკვირიან ზავზე, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს ეგვიპტელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ისრაელი ჰამასს ტყვეების გაცვლისთვის ერთი კვირით ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობდა და ითხოვდა, რომ ამ დროის განმავლობაში ჰამასის ტყვეობიდან 40 ადამიანი გათავისუფლებულიყო, მათ შორის ყველა ის ქალი და ბავშვი, რომლებიც ტერორისტულმა ორგანიზაციამ 7 ოქტომბრის თავდასხმისას გაიტაცა.
სანაცვლოდ, ისრაელი პირობას დებდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ღაზას სექტორში სრულიად შეწყვეტდა საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარებისთვის გზას გახსნიდა. მოლაპარაკებები კაიროში მიმდინარეობდა, რომელსაც ეგვიპტე მედიატორობდა.
WSJ-ის ცნობით, 20 დეკემბერს, ჰამასის ერთ-ერთმა ლიდერმა ისმაილ ჰანიამ ქაიროში ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, სადაც მათ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული პაუზის შესაძლებლობა განიხილეს. თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრაზე ჰამასის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მანამ ვერ დაიწყებდნენ მძევლების გათავისუფლებაზე და სამშვიდობო პაუზაზე საუბარს, სანამ ღაზას სექტორს ისრაელის ყველა ჯარისკაცი არ დატოვებს. მათივე პოზიციით, მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაშიც კი, ისრაელს მოუწევს რომ ყველა პალესტინელი მძევალი გაათავისუფლოს, რათა ჰამასმა 7 ოქტომბერს გატაცებული ყველა ტყვე გადასცეს მოწინააღმდეგე მხარეს. WSJ-ს ცნობით, ამგვარი შეთანხმება ისრაელისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.