ლევან სამუშია – პროკურორს ვეკითხებოდი, რამდენად თავსებადია ე.წ საგამოძიებო კომისია საქართველოს კონსტიტუციასთან და ამაზე პასუხი ვერ გამცა, რადგან ყველაფერი კარგად იცის

პროკურორს ვეკითხებოდი, რამდენად თავსებადია ე.წ საგამოძიებო კომისია საქართველოს კონსტიტუციასთან და ამაზე პასუხი ვერ გამცა, რადგან ყველაფერი კარგად იცის – გირაოს გადახდა რა პრობლემაა? სთან გვექნება კონსულტაცია, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, საზოგადოებას შეუძლია ნახოს ის „უსუსური პოზიცია, რაც პროკურატურას გააჩნდა“.
„მგონი, კარგი იყო, რომ მედიასაშუალება სასამართლო დარბაზში იყო და ამის ჩანაწერი არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და საზოგადოებასაც აჩვენოთ ის უსუსურობა და უსუსური პოზიცია, რაც პროკურატურას გააჩნდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ხალხი შეიკრიბა საქართველოს პარლამენტის შენობაში და საკუთარ თავს ჯერ პარლამენტი დაარქვეს, მერე რაღაც საგამოძიებო კომისია შექმნეს. პროკურორს ვეკითხებოდი, რამდენად თავსებადია ეს ე.წ საგამოძიებო კომისია საქართველოს კონსტიტუციასთან და ამაზე პასუხი ვერ გამცა, რადგან ყველაფერი კარგად იცის. სამართლებრივ კითხვებს ნუ მომთხოვთ, რადგან ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს. ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა და მისი ნომერ პირველი ობიექტი „ძლიერი საქართველო“ და მისი ლიდერები არიან. რუსულმა ხელისუფლებამ იცის, რომ მისი ნომერ პირველი ოპონენტი „ძლიერი საქართველოა“. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის ცხადდებოდა სასამართლოში, გამოცხადდება კიდეც და ყველგან, ყოველთვის თავის სიმართლეს დაამტკიცებს. როგორც ეს იყო პირველი საქმე, რა დროსაც ფულის გათეთრების საქმე პროკურატურას თავზე ჩამოემხო და ვერანაირი გამამტყუნებელი განაჩენი იქ ვერ დააყენეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრს შრომობდნენ ამასთან დაკავშირებით.
საოცარი ისაა, რომ გირაო თურმე იმიტომ მოითხოვეს, რომ მამუკა ხაზარაძე საზღვარგარეთ დადის. მამუკა ხაზარაძე წინა გამოგონილი ბრალდების დროსაც დადიოდა საზღვარგარეთ და იცოდა რა რეპრესიები შეიძლებოდა ყოფილიყო მის მიმართ, მაგრამ ამის მიუხედავად ის ყოველთვის ბრუნდებოდა საქართველოში.
მინდა გითხრათ, რომ გირაო ჯარიმა არ არის. გირაოს გადახდა რა პრობლემაა? მამუკა ხაზარაძესთან გვექნება კონსულტაცია, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა” ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადა 30 დღე განისაზღვრა.
ასევე შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა.
აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.
ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.