საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, ყოველ მე-4-ს სექსუალური შევიწროება | კვლევა

“საფარი” გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული ეროვნული კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხება.
კვლევის მიხედვით:
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია. ყოველ მე-4 ქალს გამოუცდია ძალადობის რომელიმე ფორმა პარტნიორის მხრიდან. ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. ქალების 8.5%-ს გამოუცდია სექსუალური ძალადობა 18 წლის ასაკამდე. პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების 45.9%-ის თქმით, ძალადობის ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილი შესწრებია. შემთხვევების 10%-ში ბავშვებზეც უძალადიათ. ქალების 18%-ს გამოუცდია მასთან პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი კაცისგან მაკონტროლებელი ქცევა. ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. 13%-ს დასჭირვებია სამედიცინო დახმარება. მომხდარი ძალადობის ახლობლებისთვის გამხელის შემთხვევაში, ქალების 16.4%-ს ურჩიეს ძალადობის ფაქტის დამალვა, 6.6% თავად დაადანაშაულეს, 7.5%-ისადმი კი ახლობლები გულგრილები დარჩნენ. საქართველოში ქალების 77.6% და კაცების 57.5% ფიქრობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა.
რაოდენობრივი კვლევა 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში ჩატარდა პირისპირ გამოკითხვის მეთოდით და 15-69 ასაკობრივ ჯგუფში 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა.