მთის ამბები: ყაზბეგის მერი კვლავ დაესხა თავს მოქალაქეს, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

მთის ამბების ინფორმაციით, ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი კვლავ დაესხა თავს მოქალაქე მარტია პაპიაშვილს, რომელიც კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და კრიტიკულ პოზიციას ღიად გამოხატავს.
კერძოდ, გამოცემა წერს, რომ 21 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ, როდესაც ბაკურ ავსაჯანიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა ადგილობრივ მცხოვრებს, ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს მარტია პაპიაშვილს. ინციდენტი სოფელ აჩხოტში მოხდა.
მთის ამბების ცნობით, ყაზბეგის მერს მარცხენა ხელი სწორედ მაშინ დაუზიანდა, როდესაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს. მერმა სამედიცინო დახმარებისთვის ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართა, თუმცა პოლიციისთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია.
მთის ამბებთან თავად ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი მომხდარს უარყოფს და ირწმუნება, რომ ხელი “ვარჯიშის დროს დაიზიანა”.
“მარტია პაპიაშვილისთვის არ მიმიყენებია არც ფიზიკური, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა. […] არ ყოფილა არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა, არც ფიზიკური. [ხელი] ვარჯიშის დროს დავიზიანე”, – ამბობს მერი მთის ამბებთან საუბრისას.
***
მთის ამბებმა 21 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც მდინარე თერგზე კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა. თავად ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და “ტყუილი” უწოდა.