“მთის ამბები”: ყაზბეგის მერი ისევ დაესხა თავს მოქალაქეს, რომელიც ჰესის აშენებას აპროტესტებს და ხელი დაიზიანა

“მთის ამბების” ინფორმაციით, ყაზბეგის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი ისევ დაესხა თავს მოქალაქეს, მარტია პაპიაშვილს, რომელიც “კამარა ჰესის” მშენებლობას აპროტესტებს. პირველად “მთის ამბებმა” 21 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, ავსაჯანიშვილმა აღნიშნული უარყო.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შემდეგ ბაკურ ავსაჯანიშვილი იგივე მოქალაქეს თავს დაესხა სოფელ აჩხოტში და ჩხუბის დროს ხელი დაიზიანა. მედიასთან მერი აღნიშნულს ისევ უარყოფს და ამბობს, რომ მარტია პაპიაშვილისთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
“არ ყოფილა არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა და არც სიტყვიერი. [ეს ხელი იქ არ დაიზიანეთ?] ხელი სად დავიზიანე, ვარჯიშის დროს დავიზიანე, არ დამიზიანებია იქ”, – ამბობს მერი “მთის ამბებთან”.
ავსაჯანიშვილს ხელი შეხვეული აქვს. “მთის ამბები” ამბობს, რომ მან სამედიცინო დახმარებისთვის ადგილობრივ საავადმყოფოსაც მიმართა.