რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მობილიზებულთა როტაციას “მიზანშეუწონლად” მიიჩნევს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა წინადადებაზე, ერთწლიანი ვადით განსაზღვროს მობილიზებულთა სამხედრო სამსახურის ვადა და თქვა, რომ მობილიზაციის გზით გაწვეული სამხედროები ომის დასრულებამდე იმსახურებენ. ამგვარად, ს თავდაცვის უწყებამ უარი განაცხადა სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის, ბორის ვიშნევსკის წინადადებაზე.
ვიშნევსკიმ თავდაცვის უწყებას მობილიზებულთა ცოლების მიმართვის საფუძველზე მისწერა წერილი. ისინი მოითხოვდნენ კანონის შეცვლას და მობილიზებული სამხედროების სამსახურის ერთწლიანი ვადით განსაზღვრას. ვიშნევსკიმ წერილი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსაც მისწერა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მას აცნობა, რომ „მობილიზაციის გზით გაწვეულ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურის ვადა პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ვადის დასრულებისას ამოიწურება“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „მიზანშეუწონლად” მიიჩნევს სამობილიზაციო სამსახურის ხანგრძლივობის შეზღუდვას.
მანამდე შოიგუმ თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 1 დეკემბრიდან დაიწყო ვლადიმირ პუტინის ინსტრუქციის შესრულება, რუსული არმიის შემადგენლობის მილიონ 320 ათას ადამიანამდე გაზრდის შესახებ. ”გარე საფრთხეების პროპორციულად, შეიარაღებული ძალების შემადგენლობა მომავალში გაიზრდება მილიონ-ნახევარ სამხედრო მოსამსახურემდე”, – აღნიშნა შოიგუმ.
ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. ოქტომბრის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა ის დასრულებულად გამოაცხადა, თუმცა ხელი არ მოუწერია მობილიზაციის დასრულების ბრძანებისთვის და განაცხადა, რომ ეს საჭირო არაა. უფლებადამცველების თქმით, განკარგულების არარსებობა ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, მობილიზებულები არ გაათავისუფლოს სამსახურიდან.
სექტემბერში რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა თქვა, რომ არ მოხდებოდა მობილიზებულთა როტაცია, რაც ნიშნავს, რომ მობილიზებულებს ომში ყოფნა მის დასრულებამდე მოუწევთ. ამ განცხადებას მწვავე კრიტიკით შეხვდნენ მობილიზებულთა ნათესავები და ახლობლები, რომლებიც ხელისუფლებას რეგულარულად მიმართავენ სამხედროების ფრონტიდან დაბრუნების მოთხოვნით.
სამხედრო მოსამსახურეების ცოლები და დედები მობილიზებული სამხედრო პერსონალის როტაციის მოთხოვნის შუამდგომლობის წერილებით მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც.

ასევე დაგაინტერესებთ