თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ს საქმეზე პროცესი გაიმართება.
სხდომის პარალელურად სასამართლოში მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები მხარდაჭერის მიზნით შეკრებას გეგმავენ.
„კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს საბოლოო გამარჯვებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ გზაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ლაზარესა და სხვა პატრიოტი მოქალაქეების ბრძოლის გარეშე. გავაგონოთ მხარდაჭერა ლაზარეს სასამართლო დარბაზში“, – წერს „სირცხვილია“ „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
გამოძიების ინფორმაციითვე, ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ასევე დაგაინტერესებთ